ახალი ამბები

საია: საუბნო კომისიის წევრები კეთილსინდისიერების მიხედვით უნდა შეარჩიონ

22 აგვისტო, 2016 • 1328
საია: საუბნო კომისიის წევრები კეთილსინდისიერების მიხედვით უნდა შეარჩიონ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მათი დამკვირვებლებისათვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო წინასწარი სიების არსებობის შესახებ.

საიას ცნობით, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ სწორედ ამ სიებით, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩენო კომისიის წევრთა არჩევის დროს ქართული ოცნების აქტივისტებზე უნდა შეჩერებულიყო არჩევანი.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ პროცესში, სავარაუდოდ, აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის გამგებლის/მერის წარმომადგენლები. ის ფაქტი, რომ სიები ხელმისაწვდომი არ იყო ოპოზიციური პარტიების საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, როგორც ეს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამყარებს ეჭვებს წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომელიც საუბნო კომისიების პროფესიული წევრების არა პროფესიული,  არამედ პოლიტიკური ნიშნით შერჩევას ისახავს მიზნად,” – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს, არ დაუშვან საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება, წევრები შეარჩიონ პროფესიული უნარჩვევებისა და კეთილსინდისიერების მიხედვით.

საიას განცხადებით, ისინი შერჩევის პროცესის მონიტორინგს აგრძელებენ და საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ ინფორამციას პროცესის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე.

თავისუფალმა დემოკრატებმა ამასთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში ორი ბრიფინგი გამართეს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს გამოიყენეოს არა მარტო ადმინისტრაციული რესურსი, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსიც წარმატების მისაღწევად. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი ოჯახის წევრებით არის დაკომპლექტებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი