ელიზბარ ოდიკაძე რიო 2016-ზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოტანა ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ.) შეეძლო, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ის რუმინეთის წარმომადგენელ ალბერტ სარიტოვთან 0:10 დამარცხდა.

ნახევარფინალში ელიზბარ ოდიკაძე მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან, ამერიკელ ფრედერიკ კაილ სნაიდერსთან (4:9) დამარცხდა. მეოთხედფინალში ქართველმა სპორტსმენმა ყახაზეთის წარმომადგენელ მამედ იბრაგიმოვს 6:1 მოუგო, ხოლო მერვედფინალში სომხეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კეტოევი 8:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 7 მედალი აქვს მოპოვებული – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი – კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ.

საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი შემატა, ხოლო გენო პეტრიაშვილმა – მეოთხე ბრინჯაო.

რიო 2016-ის ოფიციალური ბოლო მონაცემებით, მოპოვებული მედლების რაოდენობითა და მათი ხარისხით, საქართველოს ნაკრები 37-ე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მეორეზე – დიდი ბრიტანეთი, ხოლო მესამეზე – ჩინეთის ოლიმპიური ნაკრები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.