ახალი ამბები

სამტრედიის აქციაზე დაკავებული გიორგი სოფრომაძე თავისუფალია

21 აგვისტო, 2016 • 2060
სამტრედიის აქციაზე დაკავებული გიორგი სოფრომაძე თავისუფალია

სამტრედიაში გამართულ აქციაზე, სადაც მოქმედი ნარკოპოლიტიკა და პოლიციელის შესაძლო ძალადობის გამო 22 წლის დემურ სტურუას დაღუპვა გააპროტესტეს, დაკავებული გიორგი სოფრომაძე თავისუფალია.

სამართალდამცველებს სტუდენტური მოძრაობის წევრი ჯერ სამტრედიის, ხოლო შემდეგ ქუთაისის პოლიციის შენობაში ჰყავდა მოწმის სახით გამოკითხვაზე. თუმცა, როგორც გიორგი სოფრომაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, პოლიციელები დაკავების დროს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო გზაში და პოლიციის შენობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აუდიტორია #115-ის წევრი სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე ექსპერტიზას მოითხოვს.

ნეტგაზეთი გიორგი სოფრომაძის საპასუხოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს.

თეთრი ხმაურის მოძრაობა აცხადებს, რომ გიორგი სოფრომაძის გარდა, სამტრედიაში გამართულ აქციაზე მიმავალი კიდევ სამი აქტივისტი დააკავეს და ბორჯომის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. ინფორმაციას შსს-ში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ. თეთრი ხმაურის მოძრაობა პოლიციას მოუწოდებს, შეეშვას სამტრედიაში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების დევნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, “უკიდურეს ზომებს” მიმართავენ.

20 აგვისტოს სამტრედიის პოლიციის შენობის წინ აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდებ” გაიმართა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა ინცინდენტი მალევე ამოიწურა და აქცია მშვიდობიანად დასრულდა. აქციის დასრულებიდან მალევე, გიორგი სოფრომაძე, რომელიც ავტობანზე რამდენიმე ადამიანთან ერთად იმყოფებოდ პოლიციამ დააკავა. პოლიციას მისთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავს. სოფრომაძე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და მისი ინტერესების დამცველს მასთან შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ სამტრედიაში მოხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს, ხოლო სოფრომაძის გამოკითხვა მოწმის სახით სურდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი