ახალი ამბები

თეთრი ხმაურის მოძრაობა: პოლიციამ 3 აქტივისტი დააკავა და ნარკოლოგიურში გადაიყვანა

21 აგვისტო, 2016 • 1897
თეთრი ხმაურის მოძრაობა: პოლიციამ 3 აქტივისტი დააკავა და ნარკოლოგიურში გადაიყვანა

თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებით, 20 აგვისტოს სამტრედიაში გამართულ აქციაზე მიმავალი სამი აქტივისტი საპატრულო პოლიციამ დააკავა და ბორჯომის ნარკოლოგიურში გადაიყვანა. ნეტგაზეთი შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ ინფორმაცია ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ.

თეთრი ხმაურის მოძრაობა პოლიციას მოუწოდებს, შეეშვას 20 აგვისტოს სამტრედიაში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების დევნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, “უკიდურეს ზომებს” მიმართავენ.

20 აგვისტოს სამტრედიის პოლიციის შენობის წინ აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდებ” გაიმართა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა ინცინდენტი მალევე ამოიწურა და აქცია მშვიდობიანად დასრულდა. აქციის დასრულებიდან მალევე, გიორგი სოფრომაძე, რომელიც ავტობანზე რამდენიმე ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, პოლიციამ დააკავა. პოლიციას მისთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავს. სოფრომაძე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და მისი ინტერესების დამცველს მასთან შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ სამტრედიაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს, ხოლო სოფრომაძეს მოწმის სახით ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი