ახალი ამბები

პოლიციას დაკავებული გიორგი სოფრომაძის მოწმის სახით დაკითხვა სურს

20 აგვისტო, 2016 • 1405
პოლიციას დაკავებული გიორგი სოფრომაძის მოწმის სახით დაკითხვა სურს

პოლიციას აქციის “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” მონაწილე გიორგი სოფრომაძის მოწმის სახით დაკითხვა სურს, თუმცა პოლიციამ იგი აქციის დასრულებიდან მალევე დააკავა და სამტრედიის პოლიციის შენობაში გადაიყვანა, ადვოკატს კი მასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდა.

“გიორგი პოლიციაში იმყოფება, როგორც მოწმე, უნდა მომხდარიყო მისი ნებაყოფლობით გამოკითხვა, თუმცა გიორგი ამაზე უარს აცხადებს, რაც მისი უფლებაა. სამართალდამცავები თუ საჭიროდ ჩათლიან, რომ გიორგის დაკითხვა საჭიროა, ეს სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გაიმართება”,- აღნიშნა გურო იმნაძემ, სოფრომაძის ადვოკატმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, გიორგი სოფრომაძეს ხელზე მცირე დაზიანება აღენიშნება და მას შემდეგ, რაც ის ქუთაისის პოლიციის შენობას დატოვებს, სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდება.

დღეს, 20 აგვისტოს, სამტრედიის პოლიციის შენობის წინ აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდებ” გაიმართა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა ინცინდენტი მალევე ამოიწურა და აქცია მშვიდობიანად დასრულდა. აქციის დასრულებიდან მალევე, გიორგი სოფრომაძე, რომელიც ავტობანზე რამდენიმე ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, პოლიციამ დააკავა. პოლიციას მისთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავს. სოფრომაძე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და მისი ინტერესების დამცველს მასთან შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ სამტრედიაში მოხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს, ხოლო სოფრომაძეს მოწმის სახით ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხავენ.

“მოგვეცა განმარტება, რომ გიორგი სოფრომაძე დაკავებული საერთოდ არ ყოფილა, თუმცა ის პროცედურები, რაც სამტრედიაში განხორციელდა, ცალსახად დაკავების ნიშნებს ატარებდა. ამაზე ჩვენ უნდა განვახორციელოთ შემდგომი სამართლებრივი რეაგირება უშუალოდ სამტრედიის პოლიციის მიმართ”, – ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ფორმალური პროცედურები დასრულდება,  გიორგი სოფრომაძე ქუთაისის პოლიციის შენობას მალევე დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი