ახალი ამბები

“ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა

20 აგვისტო, 2016 • 2700
“ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ხობში გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა. ბუკია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ხობში იყრიდა კენჭს, თუმცა მაშინ იგი “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი იყო და პარლამენტშიც აღნიშნული პარტიიდან მოხვდა.

“მიუხედავად ამისა, ჩემი განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება, 64-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობიდან მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ; ეს არ ნიშნავს, რომ ამით ოდნავ მაინც შესუსტდება ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მზად ვარ, ჩვეული მონდომებით ვემსახურო მშობლიურ რეგიონს, ხობს და საქართველოს. დეპუტატობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და ის საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გამომიყენებია. ეს იყო საშუალება, მეკეთებინა სასიკეთო საქმეები რეგიონისა და ქვეყნისათვის”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გოდერძი ბუკიას “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნდა. 

ბუკია ამბობს, რომ ბიზნესს უბრუნდება და ამ მიმართულებით აპირებს სახელისუფლებო ორგანოებთან თანამშრომლობას. 

“გაცილებით ენერგიულად და შეზღუდვებისგან თავისუფალი შევეცდები მეტი მონდომებით ვემსახურო ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. საამისოდ საქართველოს მთავრობის მიერ უკვე ამოქმედებული და სამომავლოდ გაცხადებული პროგრამები აქტიური საქმიანობის საუკეთესო პირობებს ქმნის. უცვლელად ვტოვებ ყველა იმ პროექტების ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომელიც რეგიონში და უშუალოდ ხობში ჩემი ინიციატივით ხორციელდება”,- წერს ბუკია. 

მისივე თქმით, პარტიამ მისი გადაწყვეტილება გაიზიარა და დაარწმუნა, რომ კანდიდატურის მოხსნით “ქართულ ოცნებას” უხერხულობას არ უქმნის:

“მჯერა,  „ქართული ოცნება“ ღირსეულ, ახალგაზრდა კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც მთელი ჩემი ადამიანური რესურსებით და პიროვნული შესაძლებლობებით, მაქსიმალური ძალისხმევით გვერდით დავუდგები”. 

2012 წელს გოდერძი ბუკია პარლამენტარი “ნაციონალური მოძრაობიდან” გახდა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობაში გაწევრიანებაზე უარი თქვა. ბუკია ხობის მაჟორიტარია. გოდერძი ბუკია ერთ-ერთია იმ 73 დეპუტატისგან, რომლებსაც პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ წარუდგენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი