ახალი ამბები

დაკარგული სამხედროების სამძებრო სამუშაოებში თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდი ჩაერთო

20 აგვისტო, 2016 • 1438
დაკარგული სამხედროების სამძებრო სამუშაოებში თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდი ჩაერთო

ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდიც ჩაერთო, რომელიც თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ოპერაციაში მინიმიმუმ სამი დღით მიიღებს მონაწილეობას:

“გავეცანი თურქული ხომალდის ეკიპაჟს, ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟია და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ხომალდი ასევე აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას, მზაობა დიდია, ისინი ჩამოსული არიან მინიმუმ 3 დღით, თუმცა იმის პირობასაც იძლევიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული შედეგი არ გვექნა, ეს პერიოდი გახანგრძლივდება”,- განაცხადა იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, რომელიც ხომალდზე უშუალოდ იმყოფებოდა.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. დაკარგულ სამხედროებს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში პირველივე დღიდან ჩართული იყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები. ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ძებნის ოპერაციას ატარებს სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი.

“ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე შემოსულია და ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ატარებს თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით”,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუხლია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი