გიორგი აბურჯანია საფეხბურთო კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კარიერას ესპანურ “სევილიაში” გააგრძელებს. 21 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი დღეს, 19 აგვისტოს, გააფორმა.

როგორც სევილიას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, გიორგი აბურჯანია პირველ სეზონს “სევილიას” მეორე გუნდში გაატარებს, შემდეგ კი ახალგაზრდა ფეხბურთელს მთავარ გუნდში მოუწევს თავის გამოჩენა. კლუბის ვებ-გვერდზე არ არის მითითებული, თუ რამდენი გადაიხადა “სევილიამ” გიორგი აბურჯანიას გამოსასყიდად. ფეხბურთელების სატრანსფერო პორტალი transfermarkt.com ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს ერთ მილიონ ევროდ აფასებს.

“სევილია” ბოლო წლებში ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია; ანდალუსიელები ზედიზედ სამჯერ გახდნენ ევროპა ლიგის ჩემპიონები. ევროპულ კლუბებს შორის ეს ტიტული “სევილიას” ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული. შარშან თბილისში, უეფას სუპერთასის მატჩში სწორედ “სევილია” ეთამაშებოდა “ბარსელონას” და მინიმალური ანგარიშით დათმო უხვგოლიანი დაპირისპირება. სუპერთასის მოპოვება ევროპა ლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა ვერც წელს მოახერხეს. როგორც შარშან, ამ ზაფხულსაც სუპერთასის დაძაბულ შეხვედრაში ანდალუსიელები კიდევ ერთ ესპანურ გრანდთან, მადრიდის “რეალთან” დამარცხდნენ.

ქართველი ფეხბურთელი “სევილიაში” ტარაგონას “ხიმნასტიკიდან” გადავიდა. ყოფილ გუნდში აბურჯანიამ 16 შეხვედრა ჩაატარა და ესპანეთის მეორე დივიზიონში 2 გოლის გატანა მოახერხა.

პროფესიულ დონეზე გიორგი აბურჯანიას საფეხბურთო კარიერა რუსთავის “მეტალურგში” დაიწყო. მისი შემდეგი გუნდი იყო გორის “დილა”, საიდანაც ცოტა ხნით თბილისის “ლოკომოტივში” გადავიდა. აბურჯანიას პირველი უცხოური კლუბი კვიპროსული “ანართოსისი” იყო, სადაც ორი სეზონი ითამაშა. კვიპროსიდან ახალგაზრდა ფეხბურთელი პირდაპირ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ “ხიმნასტიკში” აღმოჩნდა.

აბურჯანიას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ხოლო ეროვნულ გუნდში ჯერჯერობით მხოლოდ 3 შეხვედრა გამართა. ეროვნული ნაკრების მაისურით ახალგაზრდა ნახევარმცველმა რამდენიმე თვის წინ ესპანეთის წინააღმდეგაც ითამაშა, სადაც საქართველომ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.