ახალი ამბები

საპროტესტო აქცია პანკისის სოფელ დუისში დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით

19 აგვისტო, 2016 • 1806
საპროტესტო აქცია პანკისის სოფელ დუისში დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 33 წლის ნუგზარ ქავთარაშვილის ნათესავებმა და მხარდამჭერებმა მისი  დაკავება გააპროტესტეს. ისინი ამბობენ, რომ ნუგზარ ქავთარაშვილს სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ავტომანქანაში ჩაუდეს.

ნუგზარ ქავთარაშვილი, რომელიც წარმოშობით პანკისის სოფელ დუისიდანაა და ამჟამად თბილისში ცხოვრობს, 2016 წლის 2 აგვისტოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს. როგორც დაკავებულის ძმა, ნურდი ქავთარაშვილი გვეუბნება, მისი ძმის კუთვნილი ავტომანქანიდან პოლიციამ “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი (8 ვაზნით), “კალაშნიკოვის” ფირმის ავტომატური იარაღი (28 ვაზნით) და ერთი ხელყუმბარა ამოიღო.

მისივე ცნობით, დაკავებული იმავე ღამით წაიყვანეს ბათუმში, 2 დღეში კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს.

დღეს, 19 აგვისტოს, პანკისში, სოფელ დუისის პოლიციის შენობასთან ქავთარაშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა მისი დაკავება გააპროტესტეს და გათავისუფლება მოითხოვეს, რადგან, მათი მტკიცებით, “არანაირი იარაღი ქავთარაშვილს არ ჰქონდა”. დაკავებულის ძმა, ნურდი ქავთარაშვილი “ნეტგაზეთს” ასეთ ვერსიას უამბობს: 

“ნუგზარი 2 აგვისტოს დუისიდან ჩავიდა თბილისში, ცოლ-შვილთან ერთად. გზაში 2 მანქანა მოჰყვებოდა, მაგრამ მათ არ გაუჩერებიათ. საღამოს, 11 საათისთვის დაურეკეს, ჩამოდი, შევხვდეთო. ჩამოვიდა, ჩაჯდა მანქანაში, 50 მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, ისე გადაუკეტეს გზა. ასე, 30-40 კაცი მიუვარდა, დააკავეს, ხელბორკილები გაუკეთეს და თავიანთ მანქანაში გადასვეს. ამის მანაქანაში 3 თუ 4 პოლიციელი ჩაჯდა, მოშორებით მიაყენეს მანქანა, ვითომ გზა უნდა გავათავისუფლოთო.

პოლიციელებმა სანამ იარაღი ამოიღეს, შესთავაზეს, აირჩიეო – ან შესასუნთქი [სასუნთქი გზით მისაღები] ნარკოტიკიო, ან გასაკეთებელიო, რომლით გაგიშვათო. ამან უპასუხა, მე არც იმას ვიკეთებო, არც იმასო, რელიგიური კაცია, სიგარეტსაც არ ეწევა. იმათ უპასუხეს, მაშინ ვიცით, რაც მოგიხდებაო, – ჩეჩენი ხარო, იარაღი მოგიხდებაო. მერე ამისი მანქანიდან ამოიღეს იარაღი”, – უთხრა ნურდი ქავთარაშვილმა “ნეტგაზეთს”.

ნურდი ქავთარაშვილს კითხვები აქვს გამოძიების მიმართ: “დაკავების შემდეგ არც თბილისში გაჩხრიკეს სახლი, არც სოფელში, მოწმეებად კიდევ თავიანთი გამომძიებლები ჰყავთ. თუ ამდენი იარაღი ჰქონდა, იქნებ სახლშიც ჰქონდა კიდევ სადმე, რატომ არ გასინჯეს?” – კითხულობს დაკავებულის ძმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქავთარაშვილის საქმეზე “ნეტგაზეთს” მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ გამოძიება სსკ-ის 336-ე მუხლით მიმდინარეობს. სსკ-ის 336-ე მუხლის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე; იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება — 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით.

საპროტესტო აქცია დუისში. 19.08.2016. ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი

საპროტესტო აქცია დუისში. 19.08.2016. ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი