ახალი ამბები

იაკობ მაქარაშვილმა რიო 2016 გამარჯვებით დაიწყო

19 აგვისტო, 2016 • 1468
იაკობ მაქარაშვილმა რიო 2016 გამარჯვებით დაიწყო

რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალისტილით ჭიდაობაში იაკობ მაქარაშვილმა ბულგარელი გიორგი ივანოვი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველი სპორტსმენი მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვს შეხვდება.

მაქარაშვილმა შეხვედრის პირველი პერიოდი ორქულიანი სხვაობით დათმო, თუმცა მეორე პერიოდში ბულგარელი სპორტსმენის დამარცხება მაინც მოახერხა. ქართველმა მოჭიდავემ შეხვედრა საბოლოოდ ხუთი ქულით მოიგო.

ქართველი მოჭიდავე 74 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. იაკობ მაქარაშვილი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორია.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის ხუთი მედალი აქვს მოპოვებული – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ. საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი