ახალი ამბებისამართალი

პარლამენტი როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

19 აგვისტო, 2016 • 1233
პარლამენტი როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

დღეს, 19 აგვისტოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე უნდა ემსჯელა, თუმცა კვორუმის პრობლემის გამო სხდომა ჩაიშალა.

26 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დეპუტატ  როლანდ ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, რაც  კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მისი უფლებამოსილების  ვადამდე შეწყვეტის საფუძველია.

“როლანდ ახალაიას 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მას ამნისტია შეეხო და ეს ვადა 1 წლით და 1 თვით განისაზღვრა. თუ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი შევა ძალაში, ეს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უფელბამოსილება უნდა შეუწყდეს. სხვა პოზიცია არც შეიძლება, რომ არსებობდეს, ეს კონსტიტუციაში წერია,” – ამბობს გიორგი კახიანი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.

მისი თქმით, საკითხი კომიტეტმა უნდა შეისწავლოს, დასკვნა უნდა მიიღოს და ბიუროს გაუგზავნოს. ბიურო ამ საკითხს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს, რის შემდეგაც პარლამენტმა უნდა მიიღოს უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება:

“პარლამენტის სხდომაზე პირველი განსახილველი საკითხი ეს უნდა იყოს. გადაწყვეტილების მიღებას დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ეს  სრული შემადგენლობის 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ ამ რაოდენობის დეპუტატები მხარს დაუჭერენ გადაწყვეტილებას, მაშინ ახალაიას შეუწყდება უფლებამოსილება”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს:

“გიორგი კახიანი კონსტიტუციის ამ ნორმას ისე განმარტავს, რომ დეპუტატის მიმართ გამოტანილი ნებისმიერი გამამტყუნებელი განაჩენი საკმარისია იმისთვის, რომ უფლებამოსილება შეუწყდეს. მაგალითად, სასამართლოს მიერ დაკისრებული  ჯარიმა და არაფერი სხვა. კონსტიტუციის ეს ნორმა ისეთი ზოგადი ფორმით არის ჩამოყალიბებული, რომ ასეთი განმარტების საშუალებას იძლევა. ”

გოცირიძის განმარტებით, როლანდ ახალაიას არჩევითი თანამდებობის დაკავება არ ეკრძალება და მას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია.  გოცირიძის განცხადებით, თუ პარლამენტი უფლებამოსილებას შეუწყვეტს, როლანდ ახალაიას შეუძლია გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს:

“სასამართლო იმსჯელებს იმაზე, გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია თუ არა. საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, როგორ განიმარტება კონსტიტუციის ეს პუნქტი. მე არ მაქვს საბოლოო პოზიცია, როგორ უნდა განიმარტებოდეს, თუმცა გიორგი კახიანის განმარტება მთლად საფუძველს მოკლებული არ არის,” – აღნიშნავს გოცირიძე.

პარლამენტში საშემოდგომო სესია  ბიუროს სხდომით 6 სექტემბერს გაიხსნება, ხოლო პლენარული სხდომა 7 სექტემბერს არის ჩანიშნული.

უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი