ახალი ამბები

ქარტიის საბჭო: დადგეს ჟურნალისტის ხელშემშლელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი

19 აგვისტო, 2016 • 1350
ქარტიის საბჭო: დადგეს ჟურნალისტის ხელშემშლელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოიკვლიონ ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელის შეშლის ფაქტი და დადგეს იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მისცა.

18 აგვისტოს რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობაში კონფლიქტური სიტუაციის გადასაღებად მისულ ჟურნალისტს, ინტერნეტგამოცემა მედია.ჯის რედაქტორსა და “რადიო თავისუფლების” თავისუფალ ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, პოლიციის თანამშრომელმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში შეუშალა ხელი.

როგორც დავით მჭედლიძე გვიყვება, მას ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ, რომელთაგან ერთ-ერთმა ჯერ ოთახიდან გამოაგდო, შემდეგ კი ვიდეოს გადაღებაში ხელი შეუშალა:

“კარი შევაღე და მაშინვე ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ და გადაღება მინდა-მეთქი. ერთმა პოლიციელმა ხელისკვრით გამომაგდო და კარი მომიჯახუნა ისე, რომ ვერც კი მოვასწარი ჟურნალისტის მოწმობის ჩვენება. შემდეგ დავაკაკუნე, კარი გამიღეს და ამჯერად ჩართული კამერით შევედი”. ჟურნალისტი გვიყვება, რომ პოლიციელმა, როგორც კი კამერა დაინახა, მას ხელი ჰკრა, კისერში სწვდა, შემდეგ კი კამერა გააგდებინა ხელიდან. მჭედლიძემ ფეისბუკზე ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ კრავს ხელს კამერაზე პოლიციელი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ მჭედლიძის საქმე პირველი შემთქვევა არ არის, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები უდიერად ექცევიან ჟურნალისტებს და არ აძლევენ მუშაობის შესაძლებლობას. ”ამგვარი ინცინდენტის რეაგირების გარეშე დატოვება ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების მიმართ”, – აცხადებენ ქარტიაში.

ჟურნალისტის თქმით, მან ამ პოლიციელის ვინაობის გარკვევაც სცადა, თუმცა ამაოდ. მჭედლიძე ასევე გვეუბნება, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანიც, რომელიც, მჭედლიძის აზრით, რუსთავის შს სამმართველოს II განყოფილებიდანაა:

“ვინ ხარ-მეთქი, ვკითხე. არც გვარი მითხრა, არც სახელი. ამოვიღე ჩემი პრესკარტა, ვუჩვენე. ვუთხარი, იქნებ თქვენიც მანახოთ-მეთქი. არაო. სხვისგან გავიგე, რომ ვიქტორი ჰქვია, – რამდენჯერმე მიმართეს, “ბატონო ვიქტორო”,- გეუბნება მჭედლიძე და დასძენს: “პირში წყალი ჩაიგუბა და ყველანაირად ცდილობდა იმ ვაჟბატონის დამალვას”.

დავით მჭედლიძემ დღეს, 19 აგვისტოს, პროფესიული საქმიანობის დროს ხელის შეშლისა და მასზე განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების გამო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ის დაკითხვაზე დღეს, 17 საათისთვის უნდა მივიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი