ახალი ამბები

საყარაულო განაწესის გეგმური შეცვლისას ჯარისკაცი დაიღუპა

19 აგვისტო, 2016 • 1350
საყარაულო განაწესის გეგმური შეცვლისას ჯარისკაცი დაიღუპა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 18 აგვისტოს საყარაულო განაწესის გეგმური შეცვლისას რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი დაიღუპა.

“რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი გუშინ, საყარაულო განწესის გეგმური შეცვლისას უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. რიგითი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ტვინში არატრავმული სისხლჩაქცევა გახდა. გარეგნული დათვალიერებით სხეულს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რიგით მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საქმე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  116 მუხლის 1 ნაწილით [სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით] მიმდინარეობს.  საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი.

რიგითი მერაბ გიორგის ჭაჭიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიწვიეს და სავალდებულო სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შენახვის ბაზაზე გადიოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი