ახალი ამბები

ცაგარეიშვილი: ხელისუფლება არჩევნებში წარმატების მისაღწევად ცესკოს რესურსის გამოყენებას ცდილობს

19 აგვისტო, 2016 • 1267
ცაგარეიშვილი: ხელისუფლება არჩევნებში წარმატების მისაღწევად ცესკოს რესურსის გამოყენებას ცდილობს

“ხელისუფლება ცდილობს გამოიყენეოს არა მარტო ადმინისტრაციული რესურსი, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსიც წარმატების მისაღწევად” – ამის შესახებ დღეს, 19 აგვისტოს, თავისუფალი დემოკრატების ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა ისაუბრა.

ცაგარეიშვილის თქმით, ქართული ოცნება ყველაფერში ბაძავს ნაციონალურ მოძრაობას და აგრძელებს მის სტილში მუშაობას.

“გუშინ დამთავრდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უკვე წინასწარ ცნობილია კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა და უფრო მეტიც, წინასწარ ცნობილია საუბნო სააარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ (თავმჯდომარე, მდივანი, მოადგილე) პირთა ვინაობა, რასაც ზოგ შემთხვევაში ე.წ. კონკურსში მონაწილე ხელისუფლების მიერ შერჩეული კანდიდატებიც არ მალავენ და ღიად საუბრობენ.”

მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად. თავისუფალი დემოკრატები ამ ბრალდებას იმით განმარტავენ, რომ ხელისუფლების ადგილობრივი საარჩევნო შტაბების მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად, ქართული ოცნება აპირებს საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას.

“მინდა შეგახსენოთ, თუ როგორ მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ამ რამოდენიმე თვის უკან, რასაც მოჰყვა პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება, როდესაც ყველა ვაკანტურ ადგილზე აირჩა ქართული ოცნების აქტივისტები, რომ საოლქო კომისიაში ჰყოლოდათ ისეთი უმრავლესობა, როგორიც შემდგომში მათ მისცემდა საარჩევნო უბნების მათი კარნახით დაკომპლექტების საშუალებას, რასაც წარმატებით ახორციელებენ,” – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

თავისუფალი დემოკრატები თხოვნით მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოუწოდებენ, რომ არ დაუშვან და წინ აღუდგნენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას ქართული ოცნების აქტივისტებით. ცაგარეიშვილის თქმით, ეს გამოიწვევს არჩევნებში ჩართული ყველა მხარის უნდობლობას, აზიანებს საარჩევნო გარემოს და მთლიანად ქვეყანას.

ისინი ასევე მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არჩევნებზე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო მისიებს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, განახორციელონ დაკვირვება და მონიტორინგი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაზე და მის დაკომპლექტებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი