ახალი ამბები

media.ge-ს რედაქტორი: პოლიციამ პროფესიული საქმიანობისას ხელი შემიშალა [video]

18 აგვისტო, 2016 • 1676
media.ge-ს რედაქტორი: პოლიციამ პროფესიული საქმიანობისას ხელი შემიშალა [video]

ჟურნალისტი, ინტერნეტგამოცემა მედია.ჯის რედაქტორი და “რადიო თავისუფლების” თავისუფალი ჟურნალისტი დავით მჭედლიძე ამბობს, რომ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობაში კონფლიქტური სიტუაციის გადასაღებად მისვლის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში შეუშალა ხელი.

ჟურნალისტი გვიყვება, რომ დღეს, 18 აგვისტოს, საღამოს 8 საათისათვის, ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსში კონფლიქტური სიტუაციის გასაშუქებლად მივიდა, რადგან მოსახლეობისგან შეიტყო, რომ პოლიცია შენობაში მცხოვრებლებს გამოსახლებას უპირებდა. ადგილზე მისვლის შემდეგ გაარკვია, რომ მოქალაქეები ფართის გამო დავობდნენ. მას ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ, რომელთაგან ერთ-ერთმა, მჭედლიძის თქმით, ოთახიდან გამოაგდო, შემდეგ კი გადაღებაში შეუშალა ხელი:

“კარი შევაღე და მაშინვე ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ და გადაღება მინდა-მეთქი. ერთმა პოლიციელმა ხელისკვრით გამომაგდო და კარი მომიჯახუნა ისე, რომ ვერც კი მოვასწარი ჟურნალისტის მოწმობის ჩვენება. შემდეგ დავაკაკუნე, კარი გამიღეს და ამჯერად ჩართული კამერით შევედი”. ჟურნალისტი გვიყვება, რომ პოლიციელმა, როგორც კი კამერა დაინახა, მას ხელი ჰკრა, კისერში სწვდა, შემდეგ კი კამერა გააგდებინა ხელიდან. მჭედლიძემ ფეისბუკზე ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ კრავს ხელს კამერაზე პოლიციელი.

ჟურნალისტის თქმით, მან ამ პოლიციელის ვინაობის გარკვევაც სცადა, თუმცა ამაოდ. მჭედლიძე ასევე გვეუბნება, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანიც, რომელიც, მჭედლიძის აზრით, რუსთავის შს სამმართველოს II განყოფილებიდანაა:

ვინ ხარ-მეთქი, ვკითხე. არც გვარი მითხრა, არც სახელი. ამოვიღე ჩემი პრესკარტა, ვუჩვენე. ვუთხარი, იქნებ თქვენიც მანახოთ-მეთქი. არაო. სხვისგან გავიგე, რომ ვიქტორი ჰქვია, – რამდენჯერმე მიმართეს, “ბატონო ვიქტორო”,- გეუბნება მჭედლიძე და დასძენს: “პირში წყალი ჩაიგუბა და ყველანაირად ცდილობდა იმ ვაჟბატონის დამალვას”.

დავით მჭედლიძე აპირებს, რომ ხვალ, 19 აგვისტოს, პროკურატურაში შეიტანოს საჩივარი პროფესიული საქმიანობის დროს ხელის შეშლისა და მასზე განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი