ახალი ამბები

ვოლსკი ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკზე: ეს ყველაფერი წარმოშობილია ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან

18 აგვისტო, 2016 • 1355
ვოლსკი ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკზე: ეს ყველაფერი წარმოშობილია ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, გია ვოლსკი აცადებს, რომ ოთხი პარტიის- “სახელმწიფო ხალხისთვის”,  “გირჩის”,  “ახალი საქართველოსა” და “ახალი მემარჯვენეების” მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო ბლოკი “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის დაკავშირებული.

“ეს ყველაფერი წარმოშობილია ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან და გარკვეულ მოკავშირეს უფრო ჰგავს, ვიდრე მოწინააღმდეგეს. ზოგი წამოსულია შიდა დაპირისპირებების გამო, ზოგმაც გადაწყვიტა, რომ თავი აარიდოს ნაციონალური მოძრაობის მანკიერი მმართველობის პერიოდის გავლენას. ბურჭულაძეც არ გამოირჩევა დიდად დამოუკიდებელი ხედვებით,”- განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 18 აგვისტოს ოთხი პოლიტიკური პარტია – პაატა ბურჭულაძის პარტია“სახელმწიფო ხალხისთვის”, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”,  გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.  ბლოკის სახელწოდებაა “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”.

საარჩევნო ბლოკს ასევე შეიძლება შეუერთდეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც. როგორც პარტიის ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, მას ჰქონდა მოლაპარაკებები და მხარს უჭერენ ახლად შექმნილ ბლოკს.

მოვლენების მოკლე ქრონოლიგია

[checklist]

  • 2016 წლის 5 აგვისტოს “გირჩი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის  გაერთიანდნენ და საარჩევნო ბლოკი “ახალი არჩევანი” შექმნეს;
  • ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 2016 წლის მაისში დატოვა პარტია ენმ და  5 ივნისს პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” დააარსა;
  • 2015 წლის მაისში ნაციონალური მოძრაობა დატოვეს დეპუტატებმა: ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ და 2016 წლის აპრილში პოლიტიკური გაერთიანება  “გირჩი” დააარსეს;
  • ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის 28 მაისს დააფუძნა პარტია “სახემლმწიფო ხალხისთვის”.
  • ბლოკში გაერთიანებული ყველაზე ძველი პარტია არის “ახალი მემარჯვენეები” — მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, რომელიც 2000 წელს ფრაქციის სახით შეიქმნა საქართველოს პარლამენტში. 2001 წელს “ახალი ფრაქციის”, “ახალი მოძრაობისა” და “ახალი კონსერვატორების” ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები”, რომლის თავმჯდომარედაც ლევან გაჩეჩილაძე აირჩიეს, თანათავმჯდომარედ — დავით გამყრელიძე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ახალმა მემარჯვენეებმა” ხმათა 1%-იც ვერ დააგროვა, რის გამოც პარტია დატოვა ლიდერმა – დავით გამყრელიძემ. 2013 წლის იანვრიდან პარტიის თავმჯდომარე იყო ფიქრია ჩიხრაძე – ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. 2015 წლის ოქტომბერში კი “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე აირჩიეს.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი