თანასწორობა

პლებისციტი ქორწინების საკითხზე – პრემიერ-მინისტრის დილემა

ქორწინების საკითხზე პლებისციტის ჩატარების საინიციატივო ჯგუფი უახლოეს დღეებში აპირებს, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს ოფიციალურად მიმართოს პლებისციტის დანიშვნის თხოვნით. დანიშნავს თუ არა პრემიერი პლებისციტს? როგორ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ ინიციატივას?

მას შემდეგ, რაც ჯგუფი პრემიერს ოფიციალურად მიმართავს ქორწინების საკითხზე პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, პრემიერმა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს, დანიშნავს თუ არა პლებისციტს. თავად პრემიერი წყვეტს პლებისციტის დანიშვნის თარიღსაც, თუმცა ეს ვადა კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული.

კონსტიტუციაში ქორწინების “ქალისა და მამაკაცის ერთობად” განსაზღვრის მომხრეები აქამდე პრეზიდენტისაგან ითხოვდნენ ამავე საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას, თუმცა მარგველაშვილისაგან უარი მიიღეს. პრეზიდენტის უარს ორი მიზეზი ჰქონდა: რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, რაც რუსეთის ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია. ამასთან, კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას.

მიზეზები, რის გამოც მარგველაშვილმა უარი თქვა რეფერენდუმის ჩატარებაზე, არგუმენტად არ გამოადგება გიორგი კვირიკაშვილს. როგორც “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) იურისტი, გიორგი გოცირიძე გვიხსნის, რეფერენდუმის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი, რაც რეფერენდუმის ჩატარებაზე აღნიშნულ შეზღუდვებს აწესებს, პლებისციტის ჩატარებას არ ზღუდავს. ამასთან, პლებისციტის შედეგებს იურიდიული ძალა არა აქვს:

თუ რეფერენდუმს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, სავალდებულო ხასიათი აქვს, – რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა და საბოლოოა, პრემიერის მიერ დანიშნული პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

ეს გაცნობიერებული აქვს საინიციატივო ჯგუფსაც, ამიტომაც ფიქრობს  ჯგუფის წევრი სოსო მანჯავიძე, რომ პლებისციტის ჩატარების შემდეგ ახლად არჩეულ პარლამენტში კანონმდებლებს “წინ ედებათ ქართველი ხალხის აზრი ამ [ქორწინების “ქალისა და მამაკაცის ერთობად” განსაზღვრის] საკითხზე”.

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარება, თუმცა კონსტიტუციის ამ პუნქტის ცვლილებაზე 2014 წლიდან საუბრობენ:

2014 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მხარდაჭერით, ინიციატივა გამოთქვა, კონსტიტუციაში ჩაეწერათ, რომ “ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა” [სავარაუდოდ მას მხედველობაში ჰქონდა ქორწინება, რადგანაც “ოჯახი” საერთოდ არ გვხდება კონსტიტუციაში].

2 წლის შემდეგ, 2016 წლის 27 იანვარს, მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა, რომელიც თავს ქვიარ საზოგადოებას აკუთვნებდა, სრულიად საპირისპირო მოთხოვნით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს: მან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს. ტატიშვილის ინიციატივას სწრაფადვე გაემიჯნენ ლგბტ უფლებათა აქტივისტები და თქვეს, რომ ინიციატივა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით პროვოკაციული იყო და ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვისკენ კი არა, მათი დაზარალებისკენ იყო მიმართული.

კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის ერთობის, განსაზღვრებად ჩაწერის ინიციატივა ახლაც აქვს მმართველ პარტიას. “ქართულ ოცნებას” სურს, რომ აღნიშნული ცვლილება მომავალი საპარლამენტო არჩენების  შემდეგ განახორციელოს, რადგან ამ ეტაპზე ეს ვერ ხერხდება.

საპარლამენტო უმრავლესობას მზად აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში გადავა ქორწინების ის დეფინიცია, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსშია. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც პარლამენტში მნიშვნელოვან რაოდენობას წარმოადგენს, პოლიტიკური ბოიკოტი აქვს გამოცხადებული და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ ღებულობს, ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი კენჭისყრაზე ვერ გააქვს.

საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერმა კვირიკაშვილმაც მისი წინამორბედის გზა აირჩია: ის იმედოვნებს, რომ “ქართული ოცნება” 2016 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში ისეთი უმრავლესობით შევა, რომ კონსტიტუციაში ქორწინებაზე ჩანაწერს შეცვლიან.

სწორედ პრემიერ კვირიკაშვილის ეს განცხადება აძლევს საინიციატივო ჯგუფისა და საკრებულოს წევრ სოსო მანჯავიძეს იმედს, რომ პრემიერი პლებისციტს დანიშნავს.

სარეფერენდუმო წინადადება შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ სოსო მანჯავიძის ცნობით, პლებისციტის წინადადებაც ზუსტად ამავე ფორმულირების იქნება.

აღნიშნულ საკითხზე პლებისციტისა თუ რეფერენდუმის დანიშვნას, ასევე, პარლამენტის მიერ ამ საკითხის განხილვას უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. “საიას” იურისტ გიორგი გოცირიძეს, მაგალითად, მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნო პოპულისტური ნაბიჯებია და “ჰომოფობიურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზებას ისახავს მიზნად”.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც “ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირს”. ამიტომ გოცირიძისთვის გაუგებარია, რა საჭიროა კონსტიტუციაში ამ ისედაც დისკრიმინაციული ჩანაწერის დაფიქსირება. “ეს იქნება ადამიანის უფლებების შეზღუდვა”, – მიიჩნევს იურისტი.

ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე.