ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური: 18 კგ-ზე მეტი ოქროს ზოდები აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოჰქონდათ

18 აგვისტო, 2016 • 1414
შემოსავლების სამსახური: 18 კგ-ზე მეტი ოქროს ზოდები აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოჰქონდათ

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 15 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში სხვადასხვა სინჯისა და წონის არადეკლარირებული ოქროს  ზოდები (19 ცალი) საერთო წონით 18.6 კილოგრამი აღმოაჩინეს.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, მებაჟეებმა უკანონო ტვირთი აზერბაიჯანის მოქალაქის, ა.ი-ს სატრანსპორტო საშუალების რენტგენო-სკანერზე გაშუქებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

“ოქროს სხმულები ავტომობილის უკანა სავრძლის საზურგესა და საბარგულს შორის არსებულ სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  1 322 763 ლარი შეადგინა,”- აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი