ახალი ამბები

2 აფეთქება აღმოსავლეთ თურქეთში: დაღუპულია 6 ადამიანი

18 აგვისტო, 2016 • 1893
2 აფეთქება აღმოსავლეთ თურქეთში: დაღუპულია 6 ადამიანი

პოლიციის სამი ოფიცერი დაიღუპა და 100-მდე ადამიანი დაშავდა თურქეთში, ქალაქ ელაგიზში, დღეს, 18 აგვისტოს, თბილისის დროით დილის 10:20 საათზე სამანქანო ბომბის აფეთქების შედეგად. “როიტერსის” ცნობით, რამდენიმე საათით ადრე კი მსგავსმა აფეთქებამ იმავე რეგიონში, ვანის პროვინციაში, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, მაგრამ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ფიკრი ისიკმა საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” უთხრა, რომ თავდასხმის უკან ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მებრძოლები დგანან. PKK-ს თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

2015 წლის შემდეგ ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლები მრავალჯერ დაესხნენ თავს თურქეთის პოლიციისა და სამხედროების საგუშაგოებს, თუმცა ქალაქ ელაგიზს, რომლის მცხოვრებლებიც ძირითადად მმართველი პარტიის, – “სამართლიანობისა და აღმავლობის პარტიის” (AKP) მხარდამჭერები არიან, ამ დრომდე თავს არ დასხმიან.

პოლიციის ორი ოფიცერი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა სამანქანო ბომბის აფეთქების შედეგად ოთხშაბათს, 17 აგვისოტს, ვანის პროვინციაში. აფეთქებამ დააზიანა 73 ადამიანი. პასუხისმგებლობა არც ვანში თავდასხმაზე აუღია ვინმეს, თუმცა ადგილობრივი მაღალჩინოსნები 17 აგვისტოს თავდასხმაშიც “ქურთისტანის მუშათა პარტიას” სდებენ ბრალს.

“ქურთისტანის მუშათა პარტია” 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა და 1984 წელს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქურთული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, – ისინი 15 მლნ-მდე ეთნიკური ქურთის ავტონომიისათვის იბრძვიან. წლების განმავლობაში ორ მხარეს შორის დაპირისპირებების შედეგად, როგორც BBC წერს, 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2013 წელს დაპირისპირება დროებით შეწყდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, თუმცა დაპირისპირება კვლავ განახლდა 2015 წლის ივლისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი