ახალი ამბები

ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ რიო 2016–ის ფინალში მეხუთე ადგილი დაიკავა

18 აგვისტო, 2016 • 2004
ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ რიო 2016–ის ფინალში მეხუთე ადგილი დაიკავა

რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ფინალში 200-მეტრიანი დისტანცია 39.817 წამში დაფარა და მეხუთე ადგილი დაიკავა. იმის მიუხედავად, რომ ქართველი ნიჩბოსანი უმედლოდ დარჩა, ასეთ შედეგს სპორტის ამ სახეობაში საქართველოდან ჯერ არავის მიუღწევია.

22 წლის ქართველი ნიჩბოსანი ფინალში აზერბაიჯანის ოლიმპირი გუნდის წევრ ვალენტინ დემიანენკოს, რუს ანდრე კრაიტორს, ფრანგ ტომას სიმარტის, ჩეხ მარტინ ფუკსას, ჩინელ ქიანგ ლის, ესპანელ ლოპეც ბენავიდესს და ბრაზილიელ დოსანტოს კუეიროსს შეეჯიბრა. ოქროს მედალი უკრაინელ სპორტსმენს დარჩა, ვერცხლი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უკრაინელმა ნიჩბოსანმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი ბრაზილიელი სპორტსმენი გახდა.

ფინალური გაცურვის საბოლოო შედეგები:

  1. იური ჩებანი (უკრაინა) – 39.279;
  2. ვალენტინ დემიანენკო (აზერბაიჯანი) – 39.493;
  3. დოსანტოს კუეიროსი (ბრაზილია) – 39.428;
  4. ლოპეს ბენავიდესი (ესპანეთი) – 39.649;
  5. ზაზა ნადირაძე (საქართველო) – 39.817;
  6. ანდრე კრაიტორი (რუსეთი) – 40.105;
  7. ქიანგ ლი (ჩინეთი) – 40.143;
  8. ტომას სიმარტი (საფრანგეთი) – 40.180.

 

 

ქართველმა ნიჩბოსანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი სტარტი 41.42 წამით მეოთხე ადგილზე დაასრულა, თუმცა ეს შედეგი 21 ნახევარფინალისტს შორის მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა. ნახევარფინალში ნადირაძე კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო – 40.14 წამით მან თავის ჯგუფში საუკეთსო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში ნაჩვენები დრო ზაზა ნადირაძემ ფინალში კიდევ უფრო გააუმჯობესა, თუმცა მედლის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის ხუთი მედალი აქვს მოპოვებული – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ. საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი