ახალი ამბები

პროკურატურა ციხის ახალი კადრების წარმომავლობას და გავრცელებას გამოიძიებს

17 აგვისტო, 2016 • 2492
პროკურატურა ციხის ახალი კადრების წარმომავლობას და გავრცელებას გამოიძიებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა გაზეთ “ქრონიკა+”- ის მიერ გავრცელებულ ციხის კადრების წარმომავლობისა და გავრცელების შესახებ გამოძიებას დაიწყებს.

“ვიდეომასალის წარმომავლობისა და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება ე.წ. „ციხის კადრების“ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელზედაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, -ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც საგამოძიებო უწყებამ დღეს, 17 აგვისტოს გაავრცელა.

გაზეთ “ქრონიკა+”-ის ვებ-გვერდზე ციხის კადრები კვირას, 14 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნდა. როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, კადრები აჩვენებს, რომ 2012 წელს წინასაარჩევნოდ გავრცელებული ციხის კადრები, კონკრეტულად კი “ცოცხის ეპიზოდი”, დადგმულია და მის მიერ გავრცელებული “სრული მასალა” ამის მტკიცებულებაა.“ქრონიკა +”-ის მიერ გავრცელებული მასალის ქრონომეტრაჟი, ჯამში, 50 წუთამდეა. ვიდეოკადრებში არაერთი პირია აღბეჭდილი და ახლო ხედით ჩანს უმეტესობის სახეები, ზოგიერთ შემთხვევაში ისმის მათი სახელებიც.

აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელებიდან უკვე 3 დღე გავიდა, თუმცა ვიდეობი კვლავ ხელმისაწვდომია იუთუბზე. “ნეტგაზეთმა” გავრცელებული ვიდეობის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელზე მუშაობის ფარგლებშიც 2 დღის მანძილზე ვცდილობით როგორც მთავარი პროკურატურისგან, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიგვეღო პასუხები, დაიწყო თუ არა გამოძიება ვიდეობის გავრცელების შესახებ და აპირებდა თუ არა სუს-ი მიეღო ზომები, რათა გავრცელებული ვიდეობი ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი აღარ ყოფილიყო, თუმცა აღნიშნულ შეკითხვებზე უწყებებიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, დღეს, 17 აგვისტოს “ნეტგაზეთს” თავად დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური, რომელმაც განმარტა, რომ გავრცელებული ვიდეომასალების დაბლოკვისთვის სუს-ს სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროება, ხოლო გამოძიების დაწყება პროკურატურის პრეროგატივაა. მოგვიანებით კი, უკვე მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება ვიდეობის წარმომავლობისა და მათი გავრცელების შესახებ გამოძიების დაწყების თაობაზე.

პროკურატურამ გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე დაკითხვაზე უკვე დაიბარა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში პატიმართა მიმართ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60 თანამშრომელი, მათგან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია 42 პირის მიმართ. საგამოძიებო განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი