ახალი ამბები

“ქართული ოცნება” “ცენტრისტების” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ მიმართავს

18 აგვისტო, 2016 • 1290
“ქართული ოცნება” “ცენტრისტების” წინააღმდეგ საკონსტიტუციო  სასამართლოს აღარ მიმართავს

გია ვოლსკი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” პარტია “ცენტრისტების”  წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს აღარ შეიტანს, რადგან პოლიტიკური გაერთიანება – “ცენტრისტები” საარჩევნო სუბიექტი აღარ არის. სარჩელის შეტანა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა “რესპუბლიკური” პარტიისა და “ნაციონალური მოძრაობისთვის”

გია ვოლსკი ამბობს, რომ  “ცენტრისტები”, როგორც საარჩევნო სუბიექტი, არ არსებობს:

“ამ არარსებობის მიზეზი საკმაოდ მსუყეა, მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ არსებობს. არ არსებობს პირი, რომელსაც ამ პარტიის სახელით ლაპარაკი შეუძლია. აქედან გამომდინარე, სამართლებრივ აზრს კარგავს სარჩელის შეტანა. პოლიტიკურადაც მიზანშეუწონელია, ვინაიდან ვიღაცებს სურთ კიდევ გააცოცხლონ ეს პარტია  თუ ადამიანები, რომლებსაც პარტიის წარმოდგენის უფლებამოსილება არ აქვთ. სამართლებრივი ნონსენსი იქნება, რომ იმას ვუჩივლოთ, ვინც არ არსებობს. ”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ოთო კახიძე კი ამბობს, რომ მათ სარჩელი მზად აქვთ და სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავენ:

“ვლადიმერი ბედუკაძე და მისი პარტია ბიძინა ივანიშვილის პროექტია. ის მოვლენები, რაც მის ირგვლივ ვითარდება, არის პრორუსული ძალების წახალისება, რაც ივანიშვილის [მმართველობის] პირველივე დღიდან დაიწყო. “ქართული ოცნების” რეაქცია საზოგადოებრივი პროტესტით იყო განპირობებული და, როგორც ჩანს, არ აპირებენ გამოცხადებული საქმის ბოლომდე მიყვანას. ჩვენ 30 დეპუტატის ხელმოწერაც შეგროვებული გვაქვს, სასჯელიც გამზადებული გვაქვს და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. ”

მისი სიტყვებით, ვლადიემრ ბედუკაძის, ირმა ინაშვილის, ნინო ბურჯანაძის და “ქართული ოცნების” სხვა სატელიტების გააქტიურება, საქართველოში 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასრულდება.

თამარ კორძაიას აზრით, პრორუსული მიდრეკილებები ერთდღიანი პრობლემა არ არის. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პარტია არ არის და ის იმ რისკებს ვერ ხედავს, რასაც “რესპუბლიკური” პარტია:

“თუმცა, არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საკმარისი. სასამართლო მოგვცემდა ისეთი ტიპის განმარტებას, რომელიც ან საკანონმდებლო ცვლილებებს გამოიწვევდა, ან მოგვცემდა განმარტებას, რომ პარტიის რეგისტრაციის, ან საქმიანობის დროს  შესაძლებელი იყოს პროცესზე დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.  ჩვენ სარჩელი დაწერილი გვაქვს. ჩვენთვის პრინციპულია, სარჩელი შევიდეს სასამართლოში, ხოლო სარჩელს “ნაციონალური მოძრაობა” შეიტანს თუ “ქართული ოცნება”, უმნიშვნელოა. ჩვენ უფრო მეტი მობილიზება გვჭირდება სარჩელის შესატანად. ამ პროცესს აუცილებლად მივყვებით და მივადევნებთ თვალს,” – აღნიშნავს კორძაია.

დეპუტატის განცხადებით, არავინ იცის, რა რისკფაქტორები ელის რუსეთიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობას. აქედან გამომდინარე, კორძაია მიიჩნევს, რომ რისკები კონსტიტუციით უნდა ჩაიკეტოს. ჩაკეტვის მექანიზმში დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა იგულისხმება, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა ევროატლანტიკურ სისტემაში  სრულფასოვანი ადგილის დაკავება:

“სხვა პოლიტიკური პარტიები უბლოკო სტატუსს ჰპირდებიან მოქალაქეებს. ეს უფრო დიდი რისკია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია და იქნება ჩვენი მეზობელი. ჩვენ არ ვიცით, რა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის რისკფაქტორები, მაგრამ ამას ქართული ოცნება არ თანხმდება, რადგან აბსოლუტურად ვერ აცნობიერებს რეალობას. უფრო შორს უნდა წავიდეთ და  პასუხები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უნდა მოვნახოთ, რატომ ხდება ეს და რატომ იკავებს თავს “ქართული ოცნება” პროგრესული გადაწყვეტილების მხარდაჭერისგან თავს.”

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიის, ასევე “რესპუბლიკელების” ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდითაა განპირობებული:

“ერთადერთი აზრი  გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციაა, ვინაიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის თვალსაჩინოება იმდენად ნათელია, რომ სხვას ვერაფერს ვიტყვი. ამ საკითხზე კიდევ თემის წამოწევა იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას მებაირაღე სურს გამოვიდეს. ”

ნინო ბურჯანაძის პარტიას სურს, კონსტიტუციით განისაზღვორს, რომ საქართველო სამხედრო ბლოკში არ გაერთიანდება. საინიციატივო ჯგუფში, რომელმაც პარლამენტს ამ ინიციატივით მიმართა, შემდეგი პირები არიან გაერთიანებული: ნინო ბურჯანაძე; მამუკა აჩბა; ბაკურ ბაკურაძე; გიორგი ახვლედიანი; დიმიტრი ლორთქიფანიძე; ლიანა ჩქარეული; გრიგოლ ბარამიზე; ბესიკ დანელია; ბექა პეტრიაშვილი და თამარ ზურაშვილი.

ჯგუფის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს არ წევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში ან ალიანსში. დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სამხედრო ბლოკის, ალიანსის  ან/და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში.”

საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა აქვს დავით უსუფაშვილს. კერძოდ, დავით უსუფაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მის მიერ მომზადებულ, ალტერნატიულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომლის მიხედვით, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა ევროატლანტიკურ სისტემაში  სრულფასოვანი ადგილის დაკავება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი