ახალი ამბები

პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი სამხედროების სამძებრო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ

17 აგვისტო, 2016 • 1531
პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი სამხედროების სამძებრო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში იმ ადგილზე იმყოფებოდნენ, სადაც ზღვაში დაკარგულ ორ ჯარისკაცს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ადგილზე შეკრებილი დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადა და დახმარება აღუთქვა.

„მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის, მოვედი, რომ თანადგომა გამოვხატო“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც გონიოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად იმყოფებოდა.

გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრა და ჩატარებულ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებზე ინფორმაცია მოისმინა.

14066365_614817178686559_1746021121259240191_o

დაკარგული სამხედროების სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გონიოში. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ჯარისკაცების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც გონიოში გენერალური შტაბის უფროსთან ერთად ჩავიდა.

“ვარაუდების დონეზე საუბარი არ იქნებოდა ჩემი მხრიდან გამართლებული, თუ ვინმეს აინტერესებს და თუ ვინმე პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანს ამ ყოველივეს, გახლავართ მე, როგორც მინისტრი, ვალდებული და, შესაბამისად, ოჯახის წევრებს გავუზიარებ პირველად ინფორმაციას, როგორც კი გამოძიების ეტაპზე მივიღებთ პირველად ინფორმაციას. დღეს მე თურქულ მხარეს მივმართე თხოვნით, რომ ისინიც ჩაერთონ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ შესაბამისი ტექნიკა, გამოცდილება. წუთი-წუთზე ველოდებით მათ მოსვლას, რათა ჩვენთან ერთად გააგრძელონ სამაშველო ოპერაციები”,- განაცხადა იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 16 აგვისტოს, სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. თავდაცვის უწყების ცნობით, სამხედროების გაუჩინარებისთანავე დაუყონებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

14054555_1279949902037749_5134162296247014128_o

ლევან იზორია ჯარისკაცები სამძებრო-სამაშველოს ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო. ფოტო:თავდაცვის სამინისტრო

“სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი. ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ის მთავრობამ დაავალა აშშ-ის ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა”,- ნათქვამია თავდაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუხლია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი