ახალი ამბები

ალექსანდრე ჯეჯელავას შემოსავლები განათლების მინისტრობამდე

17 აგვისტო, 2016 • 2799
ალექსანდრე ჯეჯელავას შემოსავლები განათლების მინისტრობამდე

ალექსანდრე ჯეჯელავა, ვიდრე 2016 წლის ივნისში განათლების მინისტრად დაშნავდნენ, შემოსავალს “მართვის აკადემიის” დირექტორობიდან და სხვადასხვა ორგანიზაციებში ტრენინგების ჩატარებით იღებდა.

პრემიერის 2014 წლის ბრძანებით, მინისტრის თანამდებობრივი სარგო და დანამატი, ჯამში, 6 250 ლარით განისაზღვრა (ხელზე 5 000 ლარი). 2015 წელს განათლების მინისტრის პოსტზე ჯეჯელავას წინამორბედს, თამარ სანიკიძეს 75 000 ლარი აქვს აღებული, ალექსანდრე ჯეჯელავამ კი ამავე წელს მხოლოდ მართვის აკადემიის თავმჯდომარის პოსტზე 200 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. მინისტრად დანიშვნის შემდეგ იგი ამ თანამდებობიდან წავიდა, შესაბამისად, მისი შემოსავლები შემცირდება.

ამის შესახებ ინფორმაცია არის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც ჯეჯელავამ ივლისის ბოლოს შეავსო.

2015 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი

ალექსანდრე ჯეჯელავას, როგორც “მართვის აკადემიის” თავმჯდომარეს, 2015 წლის განმავლობაში 200 859.52 ლარი აქვს მიღებული. მის ცოლს, ნატალია მუხადგვერდელს კი, როგორც “მართვის აკადემიის” ადმინისტრაციის უფროსს, 23 512.50 ლარის ოდენობით შემოსავალი აქვს მიღებული.

2016 წლის ივნისამდე ალექსანდრე ჯეჯელავა “მართვის აკადემიის” თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.  საჯარო რეესტრის 22 ივნისის ამონაწერში “მართვის აკდემიის” თავმჯდომარე და გამგეობის წევრი ალექსანდრე ჯეჯელავა აღარ არის. გამგეობის თავმჯდომარის პოსტს ახლა ქეთევან ტყავაძე იკავებს, დირექტორი კი ჯეჯელავას ცოლი, ნატალია მუხადგვერდელია.

გარდა “მართვის აკადემიისა”, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ჯეჯელავა იყო ტრენერი სხვადასხვა ორგანიზაციებში: თიბისი ბანკში, პი ემ სი კვლევით ცენტრში, ჯეოსელში, ტრენდსეტში, ორიენტ-ლოჯიკში და ჯიპიაი ჰოლდინგში. როგორც ტრენერს, ჯეჯელევას 2015 წელს, ჯამში, 14 881 ლარი აქვს მიღებული.

ალექსანდრე ჯეჯელავას თიბისი ბანკში გახსნილ ანაბარზე, ჯამში, 19 189.67 აშშ დოლარი და 4 445.41 ლარი ერიცხება, სახელფასო ანგარიშზე – 5 569 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე – 534.59 აშშ დოლარი, საკრედიტო ანგარიშზე კი – 134.44 აშშ დოლარი.

ჯეჯელავს ცოლს, ნატალია მუხადგვერდელს ასევე რამდენიმე ანგარიში აქვს გახსნილი. მას ანაბარზე, ჯამში, 615.56 ლარი აქვს, სახელფასო ანგარიშზე კი – 103.45 ლარი და 56.62 ევრო.

ალექსანდრე ჯეჯელავას ნაღდი ფულადი თანხის სახით 9 500 ლარი აქვს, ნატალია მუხადგვერდელს კი – 1 500 ევრო.

სესხები და გასავალი

ჯეჯელავას თიბისი ბანკში აქვს იპოთეკური სესხი  46 300 აშშ დოლარი, რის დასაფარადაც 2015 წელს 35 802.10 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, აქვს 65 000 ლარის ოდენობით იპოთეკური სესხი, რომელიც დოლარში იყო და ლარში გადაიტანა, მის დასაფარად კი 13 732.07 ლარი გადაიხადა.

ჯეჯელავას შპს აი-ბი-ეფ-ზე 18 თვით გასესხებული აქვს 13 000 აშშ დოლარი. საჯარო რეესტრის თანახმად, შპს “აი ბი ეფ” დაარსდა 2016 წლის 9 მარტს და ამ პერიოდისთვის კომპანიის წილის 30%-ს თავად ალექსანდრე ჯეჯელავა ფლობდა, 70%-ის მფლობელი კი გუგა კობახიძე იყო. 15 მაისის ამონაწერის თანახმად, რეგისტრაციაში ცვლილება განხორციელდა და კომპანიის წილის 100%-ის მფლობელად გუგა კობახიძე არის მითითებული.

ალექსანდრე ჯეჯელავამ 2015 წელს წყალტუბოში სასტუმროს გადასახადის სახით  2 116.59 ლარი გადაიხადა. ასევე, გასავალში დაფიქსირებული აქვს მაია ჯეჯელავას სწავლის გადასახადი  4 700  ლარის ოდენობით.

ავტომობილები

დეკლარაციის თანახმად, ალექსანდრე ჯეჯელავა ორ ავტომობილს ფლობს. ერთი მათგანია 2010 წელს გამოშვებული Hyundai ix35, ხოლო მეორე – 2000 წელს გამოსული Suzuki Grand Vitara.

უძრავი ქონება

ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე #75-ში, 95.00 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს. ნატალია მუხადგვერდელი კი – ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე #10-ში 45.00 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს.


 

ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად 2016 წლის 3 ივნისს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე თამარ სანიკიძე შეცვალა.

ალექსანდრე ჯეჯელავა არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA) ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით და საერთაშორისო სერტიფიცირებული ქოუჩი (Erickson International). ჯეჯელავას სახელმწიფო და კომერციული სექტორის ორგანიზაციებთან მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც უშუალოდ მენეჯმენტის, ასევე ტრენინგის კუთხით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი