ახალი ამბები

შავ ზღვაში წრთვნის დროს დაკარგულ ორ სამხედროს ეძებენ

16 აგვისტო, 2016 • 1393
შავ ზღვაში წრთვნის დროს დაკარგულ ორ სამხედროს ეძებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ორ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც საწრთვნელი ვარჯიშის დროს გონიოში, ზღვაში ჩაყვინთვის შემდეგ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს, სპეციალური სამსახურები ეძებენ.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს

“სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია,”- აცხადებს სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ძალები.

“საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა.

სამძებრო ღონისძიებები პირად კონტროლზე ჰყავთ აყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ინიციატივით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ძალები, რომლებიც საქართველოში ,,Jackal Stone 2016”-ის ორმხრივი წვრთნების ფარგლებში იმყოფებიან,”- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი