შმაგი ბოლქვაძე ოლიმპიადის ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძე სერბ სპორტსმენთან სუფთად დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

22 წლის ქართველი მოჭიდავე 66 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორია. რიოს ოლიმპიადაზე ის მეორე წრიდან ჩაერთო. მერვედფინალში ქართველმა მოჭიდავემ ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკს მარტივად მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი, ირანელი ომიდ ნოროოზი დაამარცხა.

შმაგი ბოლქვაძის გარდა, ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბერძნულ–რომაული სტილით კატეგორიაში რევაზ ნადარეიშვილმა (98 კგ.) იჭიდავა, თუმცა ის პირველივე შეხვედრაში ბულგარელ მსოფლიოს ჩემპიონ ელის გურისთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს მოპოვებული – ვერცხლი და ბრინჯაო. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.