ახალი ამბები

შმაგი ბოლქვაძე ოლიმპიურ მედალს მიუახლოვდა – ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალშია

16 აგვისტო, 2016 • 1978
შმაგი ბოლქვაძე ოლიმპიურ მედალს მიუახლოვდა – ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალშია

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები მესამე მედალს მიუახლოვდა. ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი, ირანელი ომიდ ნოროოზი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ბოლქვაძე 66 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორია. რიოს ოლიმპიადაზე ის მეორე წრიდან ჩაერთო. მერვედფინალში ქართველმა მოჭიდავემ ფინელი ტერო სეპო ვალიმაეკი მარტივად დაამარცხა.

შმაგი ბოლქვაძის გარდა, ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბერძნულ–რომაული სტილით კატეგორიაში რევაზ ნადარეიშვილმა (98 კგ.) იჭიდავა, თუმცა ის პირველივე შეხვედრაში ბულგარელ მსოფლიოს ჩემპიონ ელის გურისთან დამარცხდა. ნადარეიშვილი იმ შემთხვევაში გააგრძელებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას, თუ ბულგარელი სპორტსმენი ოლიმპიადის ფინალში გავა.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი