ახალი ამბები

შმაგი ბოლქვაძე რიო 2016–ის მეოთხედფინალში გავიდა

16 აგვისტო, 2016 • 2041
შმაგი ბოლქვაძე რიო 2016–ის მეოთხედფინალში გავიდა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ 3–ქულიანი უპირატესობით ფინელი ტერო სეპო ვალიმაეკი დაამარცხა და მეოთხედფინალში განაგრძობს ბრძოლას.

ბოლქვაძე 66 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორია. რიოს ოლიმპიადაზე ის მეორე წრიდან ჩაერთო. ქართველი მოჭიდავე შემდეგ შეხვედრას წინა ოლიმპიადის ჩემპიონ ომიდ ნოროოზთან გამართავს. ირანელმა სპორტსმენმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალში რევაზ ლაშხი დაამარცხა.

შმაგი ბოლქვაძის გარდა, ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბერძნულ–რომაული სტილით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, რევაზ ნადარეიშვილი (98 კგ.) გამოდის.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი