ახალი ამბებისაზოგადოება

ძალადობის მსხვერპლი ბავშვები – ვინ ზრუნავს მათზე?

15 აგვისტო, 2016 • 4550
ძალადობის მსხვერპლი ბავშვები – ვინ ზრუნავს მათზე?

2016 წელს ბავშვებზე ძალადობის 191 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 60% ამართლებს ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას. გააუმჯობესებს თუ არა ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მდგომარეობას საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 10 აგვისტოს შევიდა ძალაში?

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელიც ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებს სწავლობს და ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას ახორციელებს, 2016 წლის განმავლობაში 383 შეტყობინება შევიდა, რომლიდანაც 191 შემთხვევა დადასტურდა. დადასტურებული შემთხვევებიდან  ყველაზე ხშირად ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებს ჰქონდა ადგილი.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა სერვისები არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასახმარებლად და რამდენად ეფექტურია ის მექანიზმები, რაც სახელმწიფოს ამ კუთხით გააჩნია.

საქართველოს კანონში ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დაცვის შესახებ რამდენიმე თვის წინ შესული ცვლილებები 10 აგვისტოს ამოქმედდა და  მათი პრაქტიკაში  გამოყენება მთავრობის დადგენილების გამოსვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. იმისათვის, რომ კანონის აღსრულება მოხდეს, მთავრობამ ცვლილებების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში დადგენილება უნდა მიიღოს, სადაც გაწერილი იქნება ის პირობები და პროცედურები, რაც კანონის აღსრულებისთვისაა საჭირო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტირების უფროსი სპეციალისტის, თამარ ბარმატაშვილის თქმით, ბავშვთა მიმართ შესაძლო ძალადობის შემთხვევებზე სააგენტოს ინფორმაციას ყველაზე ხშირად სკოლები და სამართალდამცავი უწყებები აწვდიან, რომლებსაც კანონი ამის ვალდებულებას აკისრებს. მსგავსი ინფორმაციის სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდებაა სამედიცინო დაწესებულებების ვალდებულებაც. გარდა ამ უწყებებისა, ბავშვზე ძალადობის შესაძლო შემთხვევების შესახებ სააგენტოს ინფორმირება ცხელი ხაზის მეშვეობით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია:

“მომართვის შემდეგ გვაქვს ჩვენ რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი საფუძვლიანია. ამის შემდეგ სოციალური მუშაკი მიდის მისამართზე ან ადგილზე, სადაც ბავშვი იმყოფება და შეისწავლის მდგომარეობას. შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას, შეისწავლის, არის თუ არა ის ნამდვილად ძალადობის მსხვერპლი” – ამბობს ბარმატაშვილი.

ინსტალაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ, ისრაელი ფოტო:EPA/JIM HOLLANDER

ინსტალაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ, ისრაელი ფოტო:EPA/JIM HOLLANDER

იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის ფაქტი დადასტურდა, სოციალური მუშაკი მისი ფორმიდან და სიმძიმიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. სოციალური მუშაკი ბავშვისა და ოჯახის მდგომარეობას აფასებს და საჭიროების შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვსა და ოჯახს ფსიქოლოგის სერვისით სარგებლობას სთავაზობს.

ორგანიზაციის, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (რომელიც სახელმწიფო სერვისების ეფექტურობას სწავლობს) ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 7 ფსიქოლოგი ჰყავს მთელი საქართველოს მასშტაბით. იმ ქალაქებში კი, სადაც სააგენტოს ფსიქოლოგი არ მუშაობს, დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ:

არსებობს რეგიონი, სადაც ფსიქოლოგი არ ჰყავთ. სწორედ ასეთ რეგიონებში ცდილობენ ხოლმე სერვის პროვაიდერებად გამოიყვანონ არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც ცუდი არაა. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს ახორციელებინებს არასამავრობო სექტორს,  რაც ხარისხითაც უფრო მაღალია, ვიდრე სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სერვისები”- ამბობს აბაშიძე.

ანა აბაშიძის თქმით, მიუხედავად სერვისის ხარისხისა,  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული მომსახურების სტაბილურობა ეჭქვეშ დგას, რადგან ბოლო 5 წლის განმავლობაში მრავალი მსგავსი ტიპის მომსახურება გაიხსნა და მრავალი, სახელმწიფოსგან მიზერული დაფინანსების გამო, დაიხურა. ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, რიგ შემთხვევებში არასამთვრობო ორგანიზაციები ვალდებულნი ხდებიან, დაფინანსება თავად მოიპოვონ, რაც არცთუ ისე მარტივია:

“ასეთი დაყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სისტემური ხედვისა და სტრატეგიის გარეშე და შესაბამისი გაძლიერების გარეშე სახელმწიფოს მხრიდან ზედაპირულია იმიტომ, რომ,პრატიკაში აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ვერ მიიღოს ბავშვმა სერვისი იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ან არ არის [იმ დასახლებაში, სადაც ბავშვი ცხოვრობს], ან მოცემულ ორგანიზაციას აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ გასწიოს ეს სერვისი” – ამბობს აბაშიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

იგი  სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთავაზებულ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამას კი არაეფექტურად მიიჩნევს:

“ისინი არიან ცოტანი, ისინი არ ახორციელებენ სრულ თერაპიულ კურსს, რომელიც ბავშვს სჭირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მიზანს ვერ აღწევენ კონკრეტულ ბავშვთან მიმართებაში. რომ შევაჯამოთ, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია თითქმის არ ხდება” – ამბობს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი.

ისეთ შემთხვევებში, როცა ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე, სოციალური მუშაკი მოძალადის ან მსხვერპლის გარიდების გადაწყვეტილებას იღებს. პირველ შემთხვევაში პოლიციის ჩარევით ხდება შემაკავებელი ორდერის გაცემა, რის საფუძველზეც მოძალადეს ბავშვთან მიახლოება ეზღუდება. გარდა ამისა, არსებობს დამცავი ორდერიც, რომელიც გრძელვადიანია და მას სასამართლო გასცემს.

კანონში შესული ერთ-ერთი ცვლილებების თანახმად, სოციალურ მუშაკს უფლება ენიჭება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მოძალადე პირისგან განცალკევების შესახებ.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განგვიმარტეს, ბავშვის გარიდება უკიდურესი ზომაა და სოციალური მუშაკი ამგვარ გადაწყვეტილებს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში მიიღებს, თუ ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას 24 საათის განმავლობაში ექმნება საფრთხე:

“თუკი სოციალური მუშაკი ჩათვლის საჭიროდ, რომ  ბავშვი გამოიყვანოს ოჯახიდან, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად გამოიყვანოს. ჯერ ისევ ხდება მოძალადის გაყვანა. თუკი არ მოხერხდა მოძალადის განცალკევება და არის ისეთი მდგომარეობა, რომ შეუძლებელია ეს, მაშინ ერთ კანონიერ წარმომადგენელთან გამოგვყავს ბავშვი. თუ არ არის კანონიერი წარმომადგენელი, არც ერთი მშობელი არ ჰყავს, ან ერთი ჰყავს და ის არის მოძალადე, ასეთ შემთხვევაში ჯერ ვიძიებთ საახლობლო წრეს, ანუ ნათესავთან, ახლობელთან, ოჯახის ახლობელთან, სადაც ბავშვი შეჩვეულია, ვისაც ბავშვი იცნობს” – ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

ამერიკელი ფოტოგრაფის დარსი პადილას გამოფენა ფოტო: EPA/ANDREU DALMAU

ამერიკელი ფოტოგრაფის დარსი პადილას გამოფენა ფოტო: EPA/ANDREU DALMAU

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის გარემოცვაში ვერ გამოიძებნა ასეთი ადამიანი, ის სახელმწიფო მზრუნველობაში გადადის და სოციალური მუშაკი იღებს გადაწყვეტილებას, თუ მზრუნველობის რომელი ფორმა არის ბავშვისთვის უკეთესი.

სოციალური მუშაკი არჩევანს მინდობით აღზრდასა და მსხვერპლის მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებას შორის აკეთებს.

მცირე საოჯახო ტიპის სახლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტშია განთავსებული და მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახურ პირობებთან მიახლოებულ გარემოში აღზრდას ისახავს მიზნად. მსგავს დაწესებულებებში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 399 ბენეფიციარის განთავსებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, არსებობს ძალადობის მსხვერპლთა ორი თავშესაფარი (თბილისსა და რუსთავში) და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრები.

მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სოციალურ მუშაკს კანონში ცვლილებების შეტანამდეც შეეძლო, თუმცა მისი აღსრულება მთელ რიგ პროცედურებთან იყო დაკავშირებული:

“არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ სოციალურ სამსახურს არ ჰქონდა უფლება, ვთქვათ, ბავშვის გამოყვანაზე ემუშავა წინა პერიოდშიც. განსხვავება არის დაუყოვნებლივ გამოყვანასა და ზოგადად გამოყვანას შორის. სოციალურ მუშაკს შეეძლო და დღესაც შეუძლია მიემართა დამოუკიდებლად სასამართლოსთვის  და მოეთხოვა მშობლის ან  ერთ-ერთი მშობლის უფლების შეზღუდვა, რის საფუძველზეც ბავშვს გადაიყვანდა სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებში. ანუ ცვლილება გულისხმობს დაუყოვნელბლივ სოცმუშაკის მხრიდან ბავშვის გამოყვანის შესაძლებლობის მიცემას” – ამბობს ანა აბაშიძე.

“პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ისეთ შემთხვევასაც იხსენებს, როცა ბავშვის მოძალადისგან განცალკევების მცდელობისას სოციალურ მუშაკს ფიზიკურადაც კი გაუწროდნენ:

“აქ არის ერთი პრაქტიკული პრობლემა, რომელიც ამ ძალიან მოკლე ხანში, რაც ეს კანონი მიიღეს, უკვე დადგა. რამდენად არის აღჭურვილი შესაბამისი ცოდნით და, რაც მთავარია, შესაბამისი საშუალებებით სოციალური მუშაკი, რომ ბავშვი გამოიყვანოს კონკრეტული ოჯახიდან. ჩვენ უკვე ვიცით ფაქტები, როდესაც სოციალურ მუშაკს ფიზიკურადაც კი  გაუსწორდა ოჯახის წევრი, როდესაც მან ჩათვალა, რომ ბავშვი უნდა გაყვანილიყო. თუ პოლიციას აქვს განსხვავებული პოზიცია, ან უბრალოდ ის არ ეხმარება, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? ეს ფაქტი ზუსტად ისეთი შემთხვევა იყო, როცა პოლიციას ჰქონდა განსხვავებული აზრი, ის არ ფიქრობდა, რომ ბავშვი უნდა გამოეყვანათ. ანუ ის ჩანაწერი, რომ სოცმუშაკის გადაწყვეტილება იქნება აუცილებელად წამყვანი და მას უნდა დაემორჩილოს ყველა, ამ შემთხვევაში ძალოვანი უწყება, ასე მკაფიოდ არ არის გაწერილი, რაც პრაქტიკულ პრობლემებს ქმნის” – აცხადებს აბაშიძე.

აბაშიძის თქმით, სახელმწიფოს არ გააჩნია ეფექტური სერვისები, რომლებიც ოჯახის გაძლიერებაზეა მიმართული და გამოსავალს სახელმწიფო ბავშვის გამოყვანაში ხედავს.

კანონში შესულ ცვლილებას დადებითად აფასებს იუნისეფის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძე, თუმცა პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე არსებული სერვისები არასაკმარისად მიაჩნია.

გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, რომელიც 2013 წელს ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდებისა.

გარდა ამისა, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების დიდმა უმრავლესობამ (60%), რომელთაც კანონით ევალებათ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მასზე რეაგირება, არ იცის ამ პასუხისმგებლობის შესახებ და ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ოჯახის საქმე ფაქიზი საკითხია და უმჯობესია ამაში არ ჩაერიონ:

“ამ კვლევამ ცვლილებების დიდი ინტერესი აღძრა. თუ არ ვცდები, 18 საკანონმდებლო აქტში შევიდა ცვლილება. მაგალითად, დარეგულირდა, რომ უგულებელყოფის ცნება იურიდიულ სივრცეში არ იყო განსაზღვრული და ეს განისაზღვრა. ასევე არ იყო აკრძალული ბავშვის ფიზიკური დასჯა ოჯახურ გარემოში და ეს აიკრძალა, სანქციები დაწესდა მშობლების მიმართ” – ამბობს ქეთევან მელიქაძე.

ინსტალაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ, ისრაელი ფოტო: EPA/JIM HOLLANDER

ინსტალაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ, ისრაელი ფოტო: EPA/JIM HOLLANDER

მელიქაძის აზრით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების შეცვლის კუთხით მუშაობის გაძლიერება. გარდა ამისა, პრობლემაა სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკების რაოდენობაც. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის მონაცემებით, სააგენტოში 225 სოციალური მუშაკია დასაქმებული, რაც საკმარისად არ მიაჩნიათ. ქეთევან მელიქაძის თქმით, სოციალურ მუშაკს უამრავი მოვალეობა აკისრია და მათი დატვირთვა საკმაოდ მაღალია:

“რაც შეეხება რეკომენდაციებს, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ, არის სოციალური მუშაკების სპეციალიზაცია. ანუ ყველამ ყველაფერი კი არ აკეთოს, მათი ფუნქციები გაიყოს. მეორე საკითხია სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა, რათა მათი სამუშაო დატვირთვა ადეკვატური იყოს იმ სირთულისა, რომელთან გამკლავებაც მათ უწევთ” – ამბობს გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან მუშაობის გაძლიერება ცნობიერების ამაღლების კუთხით და უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება, რაც მელიქაძის თქმით, კანონში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინირების პრობლემაზე საუბრობს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე:

“არსებობს სამმხრივი ბრძანება, ე.წ. რეფერირების დოკუმენტი.  ეს არის განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი სამმხრივი შეთანხმება, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებში მოხდეს ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია ამ უწყებებს შორის. ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ყველა ამ უწყების როლს და ჩართულობას, თუმცა პრაქტიკაში, ჩვენ როდესაც კონკრეტულ შემთხვევებს ვსწავლობთ ბავშვთა მიმართ ძალადობის, ნათლად ჩანს, რომ ეს რეფერირების მექანიზმი არ მუშაობს” – ამბობს სხილაძე.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინაცია არის ძალიან დაბალი და ხშირად არაეფექტური. სწორედ ამ თანამშრომლობის გაზრდაა სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაცია სახელმწიფოსთვის ამ კუთხით.

გარდა ამისა, ომბუდსმენის აპარატს პრობლემურად მიაჩნია სოციალური მომსახურების სფეროში მომუშავე ფსიქოლოგების რაოდენობის სიმცირე და საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ამ სერვისის მიწოდება.

რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, მისი შეფასება კანონის ამოქმედების შემდეგ იქნება შესაძლებელი და ამ თვალსაზრისით ომბუდსმენის რეკომენდაცია სოციალური მუშაკისთვის მინიჭებული უფლებამოსილების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი