ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები დავით უსუფაშვილის ინიციატივას მხარს უჭერენ

15 აგვისტო, 2016 • 1742
თავისუფალი დემოკრატები დავით უსუფაშვილის ინიციატივას მხარს უჭერენ

თავისუფალი დემოკრატების წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” გზავნილები არის საქართველოს ტერიტორიული მთიანობის ხელყოფისა და მისი აღდგენის შეუძლებლობისკენ მიმართული.

ლადო ბედუკაძის პარტიისა და დავით უსუფაშვილის ინიციატივის შესახებ განცხადებები ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, 15 აგვისტოს, პარტიის ოფისში გააკეთა.

“ჩვენთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის ფარგლებში, რაც შეიძლება სწრაფად გაატარონ ნებისმიერი სახის ღონისძიება, რათა ასეთი მოწოდებები ღია ეთერში არ ჟღერდებოდეს და ასეთ მოწოდებებს საქართველოში ადგილი არ ჰქონდეს. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ეს ადამიანები ამ აჟიოტაჟით ცდილობენ ყურადღების მიქცევას, რაც აბსოლუტურად ზედმეტია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოებაში არ არსებობს არანაირი სოლიდარობა ამ ადამიანების მიმართ და არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მხარს დაუჭერს იმ პარტიას, რომელიც ასეთ რაღაცას მოუწოდებს საქართველოს,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, დღეს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად სწრაფად, მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, შეზღუდოს ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების გაჟღერება ნებისმიერი ეთერით ან თუნდაც საჯარო თავშეყრის ადგილებში.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავისუფალი დემოკრატები დავით უსუფაშვილის ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება უნდა ჩაიწეროს, მხარს დაუჭერენ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნით განაცხადი პარლამენტში ნინო ბურჯანაძემ შეიტანა.

“თავისუფალი დემოკრატებისთვის საქართველო არის და იქნება ევროპული სახელმწიფო. ამას არ სჭირდება ბევრი მტკიცება. როგორც ჩანს, ეს დებატები და დისკუსია გამართულია წინასაარჩევნოდ, საკუთარი პარტიებისათვის ყურადღბის მისაქცევად. მე ყველას მოვუწოდებდი, რომ ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და გავაგრძელოთ საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, ვინ შეძლებს იმ პრობლემების დაძლევა, რომელიც თითოეულ ჩვენ მოქალაქეს აქვს და ეს დაკავშირებულია ჩვენი ეკონომიკის სისუსტესთან,” – ამბობს თავისუფალი დემოკრატების ერთ–ერთ ლიდერი.

400-ლარიანი რუსული პენსია, რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონება – არჩევის შემთხვევაში მოქალაქეებს ამ ყველაფერს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” ჰპირდებიან. ლადო ბედუკაძის პარტიის წინასაარჩევნო ვიდეორგოლი საზოგადოებრივი მაწუყებლის ეთერში გადიოდა, რომელიც სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაიხსნა.

13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ISFED–ის სარჩელი, რომლითაც  ამომრჩევლების მოსყიდვის გამო  „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი