ახალი ამბები

ზურაბ დათუნაშვილი რიო 2016-ზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

14 აგვისტო, 2016 • 2324
ზურაბ დათუნაშვილი რიო 2016-ზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი პირველივე შეხვედრაში ყაზახეთის ოლიმპიური ნაკრების წევრთან დეჟან კარტიკოვთან დამარცხდა.

პირველი ნახევარი ყაზახი მოჭიდავის ორქულიანი უპირატესობით დასრულდა, რისი შენარჩუნებაც შეხვედრის ბოლომდე მოახერხა. ზურაბ დათუნაშვილის ბედი მიმდინარე ტურნირზე ახლა უკვე იმაზეა დამოკიდებული, გავა თუ არა კარტიკოვი ფინალში. იმ შემთხვევაში, თუ ყაზახი მოჭიდავე ტურნირის ფინალამდე ვერ მიაღწევს, ქართველი სპორტსმენი რეპეშარჟში გამოსვლის შანსს დაკარგავს და ოლიმპიადას ავტომატურად გამოეთიშება.

ზურაბ დათუნაშვილი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 75 კგ-მდე წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონია. რეპეშარჟის შეხვედრების საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან დღეს მხოლოდ დათუნაშვილი ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი