ახალი ამბები

პარტია, რომელიც ამომრჩეველს რუსულ პენსიას ჰპირდება, სასამართლომ რეგისტრაციიდან არ მოხსნა

13 აგვისტო, 2016 • 1904
პარტია, რომელიც ამომრჩეველს რუსულ პენსიას ჰპირდება, სასამართლომ რეგისტრაციიდან არ მოხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების სარჩელი, რომლითაც  ამომრჩევლების მოსყიდვის გამო  „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა, თუმცა სამოტივაციო ნაწილი, რომელშიც ახსნილი იქნება სასამართლოს არგუმენტები, ჯერ არ გამოუქვეყნებია.

სამართლიანი არჩევნები თავის სარჩელში აღნიშნავს, რომ 2016 წლის 20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” ლიდერმა, თემურ ხაჩიშვილმა ქვემო ქართლის ტელევიზიაში გამოსვლისას ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ ვისაც სურს 400-ლარიანი ე.წ. რუსული პენსიის მიღება, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს პარტია “ცენტრისტების” ოფისში ქალაქ რუსთავში.  

ხაჩიშვილის თქმით, პარტიის ოფისში ამომრჩევლის რეგისტრაციის მიზანია აღრიცხონ ის პირები, ვინც მომავალში რუსულ პენსიას მიიღებს, რადგან რუსეთის ხელისუფლებას აინტერესებს, თუ რამდენ საქართველოს მოქალაქეს სურს მათი პენსიის მიღება.

ხაჩიშვილი ამავე გადაცემაში საუბრისას დასძენს, რომ ის პირები, ვინც 8 ოქტომბრამდე გაივლიან რეგისტრაციას, პენსიას მიიღებენ 2017 წლიდან, ხოლო ისინი, ვინც უფრო გვიან დარეგისტრირდებიან, მათთვის პენსიის მიღების თარიღი გადაიწევს 2018 წლისთვის.

პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ მისი წარმომადგენლის, თემურ ხაჩიშვილის სახელით ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს ამომრჩეველთან. ხელშეკრულების თანახმად, არჩევნების დასრულების შემდგომ 50 დღეში საქართველოს ყველა პენსიონერი, ვინც გამოთქვამს სურვილს, მიიღებს რუსულ პენსიას, რომელიც არის 400 ლარი.

სამართლიანი არჩევნების აზრით, აღნიშნული ქმედება არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას, რაც პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუ საარჩევნო სუბიექტი უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის, ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწევა ამომრჩევლის მოსყიდვას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” საქართველოს ამომრჩევლების დაინტერესებას ახდენს 400-ლარიანი პენსიით, რომლის დაფინანსების წყარო არა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტია.

“შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება ამომრჩევლის დაინტერესებას მატერიალური სახსრებით რუსეთის სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ახდენს, რაც საარჩევნო კანონმდებლობასა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია ორგანიზაციის 12 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნები “ცენტრისტების” რეგისტრაციიდან მოხსნას საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ  თავად ამ პარტიის წარმომადგენლებმა სასამართლოზე დაადასტურეს, რომ 8 ოქტომბრამდე ამომრჩევლების დარეგიტრირება იმიტომ არის მათთვის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთის ხელისუფლებას აინტერესებს ასეთი ადამიანების რაოდენობა  ბიუჯეტის დაგეგმვისას:

“ეს მიუთითებს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვაა და არ არის საუბარი სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხების ხარჯვაზე და საგანგაშოა იმ თვალსაზრისითაც, რომ უცხო ქვეყნის ბიუჯეტზეა საუბარი და თან რუსეთზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს”.

ბენიძის თქმით, როგორც მათთვის ცნობილია, მოსამართლე სიტყვის თავისუფლებასა და პლურალიზმზე აპელირებს:

“ რაც  მნიშვნელოვანია, ცხადია, მაგრამ ასევე არსებობს საარჩევნო კოდექსი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ამომრჩევლეთა მოსყიდვას და ზოგადად უცხო ქვეყნის ბიუჯეტით საქართველოს მოქალაქეთა მოსყიდვას”.

“სამართლიანი არჩევნები” თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აკანონებს ამომრჩევლის მოსყიდვას:

“გამოდის, რომ ჩვენ ვაკანონებთ, ერთი მხრივ, ამომრჩევლის მოსყიდვას და უცხო სახელმწიფოს ფულით ამომრჩეველთა დაინტერესებას, დაპირებების გაცემას და მოსყიდვას და ამის გამართლება პლურალიზმით, არ მგონია, რომ იყოს სწორი გადაწყვეტილება. ამის დაკანონება ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება”.

პრორუსული პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” ერთ-ერთი ლიდერი ლადო ბედუკაძეა, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პატიმრების წამების ამსახველი ვიდეობი გაავრცელა და თავადაც მონაწლეობდა გადაღებაში.
“ცენტრისტები” რუსული პენსიის გარდა ამომრჩევლებს დევნილების აფხაზეთსა და ოსეთში 2017 წლის ბოლომდე დაბრუნებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებსაც ჰპირდებიან. “ხელშეკრულება” პარტიას თავის ვებგვერდზეც აქვს გამოქვეყნებული

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე თემაზე:

სასამართლოს გადაწყვეტილება “ცენტრისტების” 400 ლარიან რუსულ პენსიაზე [დოკუმენტი]

მასალების გადაბეჭდვის წესი