ახალი ამბები

თურქეთი არასრულწლოვნების ქორწინებას მწვანე შუქს აძლევს

13 აგვისტო, 2016 • 2860
თურქეთი არასრულწლოვნების ქორწინებას მწვანე შუქს აძლევს

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც 15 წლამდე არასრულწლოვნებთან დამყარებული ყველა სახის სექსუალური აქტი სექსუალურ ძალადობად მიიჩნევა, – წერს თურქული ინტერნეტგამოცემა “ჰურიეტი”.

“ჰურიეტის” ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა სასამართლომ დაადგინა, რომ არსებული კანონი არ განასხვავებს ასაკობრივ ჯგუფებს: 14 წლის არასრულწლოვანს მიიჩნევს 4 წლის არასრულწლოვნის თანასწორად. მათი აზრით, 12 წლიდან 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის უკვე გასაგებია სექსუალური აქტის მნიშვნელობა.

7 ხმით 6-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმა ადგილობრივ სასამართლოს და ზემოთ ხსენებული დებულების ანულირება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება ძალაში 2017 წლის 13 იანვარს შევა.

ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ასოციაციის თავჯდომარე და პროფესორი ბაჰარ გიოქლერი ამ გადაწყვეტილებას “დიდ კატასტროფად” აფასებს და ამბობს, რომ საერთაშორისო კონვენციების მიხედვით ყველა 18 წლამდე პირი არის “ბავშვი”, ამიტომ მიღებული გადაწყვეტილება ბავშვთა უფლებების დარღვევაა.

ამავე ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი აისუნ ბარანსელი კი შიშობს, რომ რადგან ჯერჯერობით არანაირი ახალი რეგულაცია არ არსებობს, მოძალადეები თავისუფლად ივლიან თურქეთის ქუჩებში. ის თვლის, რომ შეუძლებელი და არასწორია 60 წლის ზრდასრული ადამიანისა და 15 წლის არასრულწლოვანზე განხორციელებული  სექსუალურ ძალადობის ფაქტი  ერთსა და იმავე ჭრილში განიხილო.

თურქეთში 3.5 მლნ არასრულწლოვანია ქორწინებაში. “ჰურიეტის” ინფორმაციით, ყოველი სამი ახლად შექმნილი ოჯახიდან ერთში ერთ-ერთი პარტნიორი არასრულწლოვანი გოგოა. უფლებადამცველები შიშობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება გაზრდის არასრულწლოვანთა ქორწინების რიცხვს.  “სტამბულის ქალთა ასოციაციის” იურისტი, ნაზან მოროღლუ ამბობს, რომ არასრულწლოვანთა ქორწინება ისედაც მწვავე პრობლემაა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სიტუაციას გაართულებს.

“ამჟამინდელი დადგენილების ანულირება უფრო დიდი პრობლემებს გამოიწვევს: ბავშვები უფრო მოწყვლადები გახდებიან სექსუალური ძალადობის მიმართ, უფრო მეტი გოგო დაოჯახდება ადრეულ ასაკში განათლების მიღების გარეშე”, – ამბობს მოროღლუ.

“ჰურიეტის” ცნობით, აქტივისტები, სავარაუდოდ, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი