ახალი ამბები

პარტიების პოზიცია კონსტიტუციით ევროატლანტიკური მისწრაფების განსაზღვრაზე

12 აგვისტო, 2016 • 1029
პარტიების პოზიცია კონსტიტუციით ევროატლანტიკური მისწრაფების განსაზღვრაზე

“თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი” კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას მხარს უჭერენ. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”.

საუბარია პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის წევრ დავით უსუფაშვილის ინიციატივაზე, რომელიც 12 აგვისტოს გახდა ცნობილი. უსუფაშვილმა განცხადა, რომ  ნინო ბურჯანაძე და მოქალაქეების ჯგუფი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირებას აპირებენ, რომლის მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ბლოკში არ გაერთიანდება.

უსუფაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მის მიერ მომზადებულ, ალტერნატიულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს,  რომლის მიხედვით კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა ევროატლანტიკურ სისტემაში  სრულფასოვანი ადგილის დაკავება:

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ინიციატივას მხარს უჭერენ. თუმცა აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს:

“ვფიქრობ, ეს ინიციატივა ბურჯანაძის განცხადებამ გამოიწვია. ბურჯანაძის ინიციატივაც და ეს [დავით უსუფაშვილის] განცხადებაც ნაკლებად რელევენტურია, რადგან მთელი ქვეყანა ვყალიბებდით იმაზე, რომ ნატო და ევროკავშირი საქართველოს ურყევი ნებაა, მეორე მხრივ, თვითონ პარლამენტს რამდენიმე ამდაგვარი ინიციატივა აქვს მიღებული. ძალიან აუცილებლად არ მივიჩნევ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას, მაგრამ ეს თემა ათასჯერაც რომ გავაჟღეროთ, მაინც ხმარს დავუჭერთ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც. ”

კითხვას, დაუჭერენ თუ არა მხარს კანონპროექტის ინიცირებას, დოლიძე პასუხობს:

“არ ვიცი, რას აპირებს დავით უსუფაშვილი, არც ვიცი – ინიცირებაზე საუბარი, მხარდაჭერაზე თუ რაზე. ეს მხოლოდ გააჟღერა და ამით შემოიფარგლა თემა. ახლა უკვე  ვნახოთ მერე.”

ინიციატივას მხარს “ეროვნული ფორუმიც” დაუჭერს.  ფორუმის წევრი დეპუტატი  ანი მიროტაძე ამბობს:

“იდეას ვეთანხმებით. საქართველოს განვითარების და უსაფრთხოების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ადამიანების უსაფრთხოების, თავისუფლების და სამართლიანობის უზრუნველმყოფელი არის ევროპული სივრცე. აქედან გამომდინარე ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაპირებთ, ინიციატივას ხელი მოვაწეროთ.”

ვიქტორ დოლიძისგან განსხვავებით, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება ანი მიროტაძეს აუცილებლად მიაჩნია. მისი აზრით, ნინო ბურჯანაძის ინიციატივა ხაზს უსვამს ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობას:

“არსებობს ინიციატივა უბლოკო სტატუსის შესახებ, კიდევ სხვა მსგავსი ინიციატივებიც შეიძლება გაჟღერდეს და რადგან ასეთი ინიციატივები ჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მკაფიო ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობა არსებობს.”

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ “რესპუბლიკური პარტია” ცდილობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნიშის დაკავებას:

“არ შეიძლება, პოლიტიკურმა პარტიებმა დაიჩემონ ექსკლუზივი გარკვეულ ნიშაზე. რესპუბლიკური პარტია ცდილობს, რომ ევროატლანტიკურ თემაზე ექსკლუზივი დაიჩემოს.  ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში საკმაოდ ბევრი, საინტერესო და შედეგიანი ნაბიჯები აქვს გადადგმული მთავრობას. აქედან გამომდინარე სამსჯელოა, რამდენად საჭიროა ეს [ევროატლანტიკური მისწრაფება] აისახოს [კონსტიტუციაში], ეს მეორე საკითხია,” -ამბობს ვოლსკი.

მისი თქმით, ეს ინიციატივა უსუფაშვილთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს:

“ტოვებს თუ არა კონსტიტუციის გარეთ, ანტიკონსტიტუციურად განიხილავს თუ არა იმ ხალხს, ვისაც სხვა აზრი აქვს ბლოკში გაერთიანების საკითხზე. ნინო ბურჯანაძესთანაც იგივე კითხვა მაქვს. ”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ რომელიმე პარტიის დღის წესრიგით თამაშს არ აპირებენ:

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ გზას არასოდეს გადავუხვევთ. კარგია, რომ ზოგიერთ პარტიას ახლა მაინც მიაჩნია ეს საკითხი [კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება] მნიშვნელოვნად. კონკრეტულად ახლა, როცა რომელიმე პარტია თემის პოლიტიზებას ახდენს, ჩვენ ამ დღის წესრიგით თამაშს არ ვაპირებთ,” – ამბობს კაპანაძე.

დავით უსუფაშვილმა 12 აგვისტოს გამართა ბრიფინგი და  დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების ასახვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი