ახალი ამბებისაზოგადოება

სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა სამუშაო პირობებს შრომითი ინსპექცია სწავლობს

12 აგვისტო, 2016 • 1629
სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა სამუშაო პირობებს შრომითი ინსპექცია სწავლობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების პროტესტი გრძელდება.

სამუშაოებს “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი ჩინური კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” ახორციელებს. მშენებლობაზე დასაქმებული ასამდე პირი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მუშაობის გაგრძელებაზე კვლავ უარს ამბობს.

10 აგვისტოს მუშების მდგომარეობას გაეცნო არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლიც”, რომელიც ზვარეში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს:

“ჩვენ ჩავედით მუშებთან, გადავიღეთ ფოტომასალა, ასევე გავეცანით ხელშეკრულების ასლს, რაზეც მათ აქვთ ხელი მოწერილი. 12 საათი მუშაობენ, ეს უკვე დარღვევაა და ზეგანაკვეთურ შრომას მათ არ უნაზღაურებენ. ამის გარდა, ფაქტობრივად, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მუშების შრომითი ექსპლუატაცია. არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული”  – ამბობენ ორგანიზაციაში.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ეს ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიაწოდა და შრომითი ინსპექციის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა.

როგორს პროცესში ჩართულმა მედიატორმა, ლევან ჟორჟოლიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, სამინისტრომ შრომითი ინსპექცია ზვარეში დღეს, 12 აგვისტოს გაგზავნა. ინსპექცია თბილისში დღესვე დაბრუნდება და მოამზადებს დასკვნას, რომელშიც დამსაქმებლისთვის რეკომენდაციებს განსაზღვრავს.

სამინისტროს მხრიდან ადგილზე მივლინებული მედიატორის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, რომელსაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმართვა ევალება, მოლაპარაკებები დისტანციურად მიმდინარეობს. ჟორჟოლიანის თქმით, კომპანიის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს საკმარისი არ არის:

“საუბარია სპეცტანსაცმლის და  აირწინაღების გამოყოფაზე, რომ  გვირაბში მუშაობის დროს  მინიმალური სტანდარტი მაინც დაკმაყოფილდეს” – ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი მედიატორი.

როგორც ერთ-ერთმა დასაქმებულმა, მინდია ოკრიბელაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, მუშები დამსაქმებლისგან, სამუშაო პირობების გაუმჯობესების გარდა, იმის წილობით გარანტიას ითხოვენ, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე ჩინური კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრატქორი კომპანიაა და სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს, მათ სამსახურიდან არ დაითხოვს.

სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი უკვე მესამე დღეა გრძელდება. მუშების პროტესტს ორი მათგანის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა. ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით, გეგმური აფეთქებისას გვირაბში მტვერი დადგა, რის გამოც მუშებმა გვირაბი მტვრის გაფანტვამდე რამდენიმე წუთით დატოვეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი მისი და კიდევ ერთი მუშის სამსახურიდან გათავისუფლებას, რასაც ობიექტზე დასაქმებული სხვა მუშების პროტესტი მოჰყვა და სოლიდარობის ნიშნად მუშებმა გვირაბში დაბრუნებასა და სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადეს.

მუშებმა გუშინ, 11 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართეს. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებს შეხვდნენ და არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს საკითხის შესწავლისა და ზომების მიღებისკენ მოუწოდა:

“ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, სამუშაოს შესრულებისას დაზიანებული და დაღუპული პირების მაღალი რაოდენობა ცხადყოფს, რომ აუცილებელია შეიქმნას ქმედითი მექანიზმი შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სათანადო პირობების დაცვის მიზნით. სახალხო დამცველმა 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა დონეზე ბევრჯერ ისაუბრა შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა” – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი