ახალი ამბები

თურქეთში აფეთქებების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

11 აგვისტო, 2016 • 1295
თურქეთში აფეთქებების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

10 აგვისტოს ღამით თურქეთში განხორციელებული ორი აფეთქების შედეგად დაღუპულია 8, დაშავებულია ათობით ადამიანი. თურქეთის ოფიციალური პირები მომხდარში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მებრძოლებს ადანაშაულებენ.

BBC-ის ცნობით, გუშინ, 10 აგვისტოს ღამით ქურთმა მილიტარისტებმა ორი თავდასხმა განახორციელეს თურქეთის პოლიციის ავტომობილებზე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კიზიტაპესთან ახლოს და ქალაქ დიარბაკირში.

დიარბაკირში აფეთქება მდინარე ტიგროსის ხიდთან, უსაფრთხოების გამშვებ პუნქტთან მოხდა. ამ აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. კიზილტეპეში ბომბი დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით ააფეთქეს მარდინის საავადმყოფოსთან ახლოს (სირიის საზღვართან). ამ შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, სულ ცოტა 30 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 5 მცირეწლოვანი ბავშვია.

ქურთისტანის მუშათა პარტია 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა და 1984 წელს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქურთული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. წლების განმავლობაში ორ მხარეს შორის დაპირისპირებების შედეგად, როგორც BBC წერს, 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2013 წელს დაპირისპირება დროებით შეწყდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, თუმცა დაპირისპირება კვლავ განახლდა 2015 წლის ივლისში.

თურქეთში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რასაც წინ უსწრებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ამბოხებულთათვის წარუმატებლად დასრულდა. 15 ივლისის ღამით დაწყებულ ამბოხებას 271 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სამართალდამცავებმა 37 500 საჯარო მოხელე და პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან, 21 000 მასწავლებელს შეუჩერეს ლიცენზია და 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი