ახალი ამბები

მეტი რეფორმა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლისთვის

23 მარტი, 2012 • • 1294
მეტი რეფორმა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლისთვის

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომ უპრობლემოდ იმოგზაურონ ევროპაში, ისწავლონ, ნახონ ეკონომიკური პარტნიორები. პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანება ბევრად უფრო გვიან მოხდა, მანამდე კი გვქონდა ეს უვიზო რეჟიმი. ასე რომ, თქვენც, ქართველები, არ ხართ ამისგან შორის”, – განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საკონსტიტუციო ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავჯდომარემ, ანდრზეჟ ჰალისკიმ დღეს, 23 მარტს, თბილისში, სასტუმრო “რედისონში” გამართულ “ევროკავშირ–აღმოსავლეთ პარტნიორობის” პირველ ეკონომიკურ ფორუმზე.

ფორუმი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონის ქვეყნებსა (კერძოდ, საქართველოს) და ევროკავშირს შორის სავიზო მიმოსვლის შემდგომი ლიბერალიზაციის პერსპექტივები, ასევე, ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობისა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის საკითხები იყო განხილვის ერთ–ერთი თემა.

სიტყვით გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველოს ამ მხრივ მწვანე შუქი ექნება ანთებული, ოღონდ საჭიროა მეტი რეფორმა. ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატიული და რეფორმისტური ჯგუფის კომიტეტის წევრის, ტომას პორებას განცხადებით, ევროპის პარლამენტი კარგ ხასიათზეა ამ საკითხთან დაკავშირებით.

“ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ტოლერანტობა, დემოკრატიის სტანდარტები და უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების სტანდარტები, ეს ყველაფერი უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში, ეს არის სავალდებულოდ შესასრულებელი პირობა იმისათვის, რომ საქართველომ ევროპასთან დაიწყოს უვიზო მიმოსვლა ”, – განაცხადა პოლონელმა კანონმდებელმა, ჰალინსკიმ.

ამ გადმოსახედიდან, კითხვაზე, როდის შეიძლება ელოდოს საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას, გაერთიანებული ერების მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელის მარკ ჰალსტს უჭირს პირდაპირი შეფასება და თარიღის დასახელება, თუმცა აღნიშნავს, რომ სამომავლო ურთიერთობები ამ მხრივ ზაფხულის ორმხრივ შეხვედრაზეა დამოკიდებული.

“ამ ზაფხულს, კერძოდ, ივნისში ევროკომისიის მხრიდან გაიმართება მოლაპარაკებები ე.წ. ვიზის დიალოგის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ იქნება სტრუქტურული საუბარი ორივე  მხარეს შორის, ეს შეეხება საზღვრის მართვის საკითხებს, დოკუმენტების უსაფრთხოებას.
თუმცა ახლა წინასწარ პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, დავუცადოთ ამ ზაფხულს და იმ მოლაპარაკებების შედეგებს, რაც ამ მოლაპარაკებებს მოყვება”, – აღნიშნა ჰალსტმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მან ასევე დადებითად შეაფასა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღება, თუმცა, მისივე შეფასებით, ჯერჯერობით სრულყოფილად არ მოქმედებს ეს ხელშეკრულება.

“როგორც იცით, უკვე ერთი წელია (1 მარტიდან) მოქმედებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმება გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ. როგორც მე ველოდი, ერთი წლის წინ ძალიან სწრაფი წინსვლა მოხდა ამ მიმართულებით. ჯერჯერობით სრულყოფილად არ მოქმედებს ეს ხელშეკრულება, მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები და მე ვფიქრობ, რომ ეს გაუმჯობესდება”, – ამბობს ჰალსტი.

“მთავარია, გვქონდეს გარკვეული სტრატეგია, მივიღოთ პასუხისმგებლობები, თუ რა უნდა გავაკეთოთ სასურველი შედეგის (უვიზო რეჟიმის) მისაღწევად და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უკვე რეალობაა”, მსგავს შეფასებას იძლევა ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და აქვე აღნიშნავს, რომ კონკრეტული ვადის დასახელელბა  ამ ეტაპზე ძნელია.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იწყება ევროკავშირთან მოლაპარაკებები უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, ფაქტობრივად, რეგიონში, ვისთანაც მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებს დაიწყებს ევროკავშირი, “ – განუცხადა “ნეტგაზეთს” ვაშაძემ.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორუმზე გამოიკვეთა ის საკითხები, რაშიც საქართველოს უფრო მეტი რეფორმისა და ნაბიჯის გადადგმა მოუწევს სასურველი შედეგის მისაღწევად.

  • შრომითი მიგრაციის დახვეწა;

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელი მარკ ჰალსტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, ხელი მოაწეროს უკრაინასთან და თურქეთთან  შრომით ხელშეკრულებას.

“ჩვენი ორგანიზაციის კომპეტენციაში შედის ლეგალური შრომითი მიგრაცია, რომელიც უფრო რელევანტური ხდება საქართველოსთვისაც. საქართველომ მოაწერა ხელი შრომით ხელშეკრულებას საფრანგეთთან და ეს არის ნამდვილად სერიოზული და მნიშვნელოვანი მიღწევა, ჩვენი აზრით. და ეს იქნება კიდევ ერთი მიზეზი საქართველოსთვის, რომ ხელი მოაწეროს მსგავს ხელშეკრულებებს სხვა ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, რომ ეს ქვეყნები იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, თუმცა, ალბათ, ლოგიკური იქნება, რომ ეს ასე მოხდეს. საკმაოდ ლოგიკური იქნება, თუ საქართველო ასეთ შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს უკრაინასთან, ან, მაგალითად, თურქეთთან, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სეზონური მუშაკი გადადის საქართველოდან თურქეთში სამუშაოს საძებრად,” – აღნიშნა ჰალსტმა.

  • ქვეყანაში ბიომეტრული პასპორტების აქტიური დანერგვა;
  • საზღვრებისა და საბუთების უსაფრთხოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საზღვრებზე მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიდის რეფორმების გატარება.

“ჩვენ გავზარდეთ და გავაუმჯობესეთ უსაფრთხოება, გავზარდეთ ჩვენი საბუთების უსაფრთხოება და ჩვენ გვაქვს მეორე თაობის ბიომეტრული პასპორტები. ჩვენ დავნერგეთ სასაზღვრო მართვის სისტემები და ჩვენ გვსურს, რომ მსგავსი სისტემები დაინერგოს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ვებრძვით ტრეფიკინგს და აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეიტინგის მიხედვით, ჩვენ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და ჩვენი უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზეა”, – აღნიშნავს ვაშაძე.

  • რეადმისიის ხელშეკრულების შესრულება; (ამ ხელშეკრულებით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, საკუთარი არალეგალური მიგრანტები სამშობლოში დააბრუნონ)

“ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური უზრუნველყოფა შიდა მართვისთვის და რეადმისიის აპლიკაციები კეთდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის პლატფორმაზე და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება არა მარტო საქართველოს შიგნით, არამედ საქართველოსა დ სხვა ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლისათვის”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დღევანდელ ფორუმზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივები დამოკიდებულია რეფორმებზე და მხარეებს შორის ზაფხულში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. ცალკეული ექსპერტის შეფასებით, იმ პირობებში, თუ ქვეყანა გააგრძელებს რეფორმებს და ევროკავშირის რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებს, ეს საკითხი შესაძლოა ახლო მომავალშიც გადაწყდეს, თუმცა კონკრეტული თარიღი და პერიოდი, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მოლაპარაკებები, არ სახელდება.

“აღმოსავლეთ პარტნიორობა” (Eastern Partnership- EaP) ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი,) თანამშრომლობის ახალი ფორმაა.

Eastbook.eu
Eastbook.eu

მასალების გადაბეჭდვის წესი