ახალი ამბები

აუდიტორია 115: გია შარვაშიძემ პასუხი გასცეს ჩვენს კითხვებსა და ბრალდებებს

10 აგვისტო, 2016 • 1624
აუდიტორია 115: გია შარვაშიძემ პასუხი გასცეს ჩვენს კითხვებსა და ბრალდებებს

სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია 115” განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გიორგი შარვაშიძის მიერ თსუ-ის რექტორის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მას კითხვებსა და ბრალდებებზე პასუხის გაცემისაკენ მოუწოდებს.

“ყოფილი რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომას თან ახლდა ხმაურიანი განცხადება, რომლის მიხედვითაც, მის გადადგომაში სახელმწიფოს ძალოვანი უწყებები მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ, არც ამ განცხადებების შემდგომ და არც მას შემდეგ, რაც “ოდეერების” არსებობა დადასტურდა უნივერსიტეტში, გამოძიება არ დაწყებულა. გვაქვს განცდა, რომ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ფიგურის მოშორება სახელმწიფოს სწორედ იმიტომ დასჭირდა, რომ მარტივად მართვადი კადრი მოეყვანათ უნივერსიტეტში, ასეთი კადრი კი შეიძლება იყოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე”, – ვკითხულობთ სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც დღეს, 10 აგვისტოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, შესაძლოა, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სექტემბერში დაგეგმილ რექტორის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. თსუ-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 9-დან 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. რექტორობის მსურველთა განცხადებებს აკადემიური საბჭო განიხილავს და რექტორობის კანდიდატს 2016 წლის 23 სექტემბერს აირჩევს.

ამჟამად თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც წინა რექტორმა, ვლადიმირ პაპავამ დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ვლადიმირ პაპავას გადადგომას წინ უძღოდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა მისი გადადგომის მოთხოვნით და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქციები უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის, უნივერსიტეტში სპეციალური უსაფრთხოების წარმომადგენლების, ასევე, თვითმმართველობის წინააღმდეგ და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით. თუმცა, როგორც თავად პაპავა ამბობს, მის გადაწყვეტილებაზე არც ერთი მხარის მოთხოვნებს არ მოუხდენია ზეგავლენა.

როგორც “აუდიტორიელები” წერენ, პროტესტის პერიოდში აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გია შარვაშიძე იყო:

“მარტის აქციების დროს უშუალოდ მისი დაპირება იყო, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ერთადერთი ფუნქცია წარმომადგენლობით საბჭოებში საქმიანობა იქნებოდა. გარდა ამისა, ბატონი გია შარვაშიძის და განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, თამარ სანიკიძის ინიციატივა იყო უმაღლესი განთლების შესახებ კანონში, 45-ე მუხლის გარდამავალ დებულებაში გადატანა. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა, მკაფიოდ ითქვა, რომ ამ პერიოდში სტუდენტური თვითმმართველობას უფლებამოსილება შეუჩერდებოდა. საბოლოოდ კი ეს პირობა დაირღვა და არ შესრულდა”, – აცხადებენ “აუდიტორიელები”.

მათი თქმით, იმის ნაცვლად, რომ  უმაღლესი განათლების განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნილიყო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებდა და გარე რეფერირების მექანიზმის დანერგვაზე, უნივერსიტეტების დაფინანსების წესის ცვლილებასა და სხვა საკითხებზე იმუშავებდა, შეიქმნა პლატფორმა, რომლის მიზანიც, 115-ის წევრების შეფასებით, დროის გაყვანას და პლატფორმის ხელმძღვანელად გიორგი შარვაშიძის  დანიშვნას ემსახურებოდა, რათა მას რექტორობის ლეგიტიმაცია მოეპოვებინა.

“თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, გაგეტარებინათ რეფორმები, რომლის შედეგადაც უმაღლესი განათლება განიცდიდა პროგრესს, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტებში სიტუაცია დასტაბილურდებოდა. ამის სანაცვლოდ კი თქვენ პრაქტიკულად არაფერი არ გააკეთეთ და არ დაუტოვეთ სტუდენტებს სხვა გზა, გარდა პროტესტისა”, – მიმართავენ სტუდენტები განათლების სამინისტროსა და მინისტრის მოადგილეს და მოუწოდებენ, გადაწყვეტილების მიღებამდე პასუხი გასცეს აუდიტორია 115-ისა და საზოგადოებისა ყველა კითხვასა და ბრალდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი