ახალი ამბები

თბილისში ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი დაიწყო

23 მარტი, 2012 • 1353
თბილისში ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი დაიწყო

ევროკავშირი-საქართველო
ევროკავშირი-საქართველო

თბილისში,  სასტუმრო “რედისონში”, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, მიმდინარეობს პირველი ეკონომიკური ფორუმი “ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტიონორობა”.

ფორუმში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ( საქართველო, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმი საქართველოს ვიცე–პრემიერმა გიორგი  ბარამიძემ გახსნა  და აქცენტი, მისი აზრით, დემოკრატიულ რეფორმებზე გააკეთა. თავის გამოსვლაში ის შეეხო ქვეყანაში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებს, ასევე, საარჩევნო გარემოს, სასამართლო და მედიის სფეროში არსებულ მდგომარეობას.

“მედია–პლურალიზმის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მედიამფლობელებისა და ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. NDI– ის ბოლო კვლევის მიხედვით, ქართულ მედიას საქართველოს მოსახლეობის 71%  ენდობა. საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სასამართლო დამოუკიდებლობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 72 % ენდობა სასამართლოს”, – განაცხადა  გიორგი ბარამიძემ.

მან ასევე ისაუბრა  მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და მნიშვნელოვანი გამოცდა უწოდა ქვეყნისთვის არჩევნების სამართლიან ჩატარებას.

“არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ემსახურება საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც არჩევნების მონაწილე ყველა სუბიექტისთვის თანაბარ უფლებებს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ცვლილებების შემუშავების პროცესში აქტუიურად იყვნენ ჩართული პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ასევე, გათვალისწინებული იქნა ვენეციის კომისიისა და ეუთოს ადამიანის უფლებათა დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის ძირითადი რეკომენდაციები “ – განაცახადა ბარამიძემ.

ფორუმი, რომელიც დღეს დაიწყო, ოთხი თემატურ საკითხზე იმუშავებს და შეეხება ვაჭრობისა და ინვესტიციების შესაძლებლობებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კონფლიქტების მოგვარებას, სავიზო ლიბერალიზაციას და თანამედროვე განათლებას, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განვითარების საშუალებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი