ახალი ამბები

თსუ-ის რექტორობისთვის შესაძლოა განათლების მინისტრის მოადგილემ იბრძოლოს

10 აგვისტო, 2016 • 2514
თსუ-ის რექტორობისთვის შესაძლოა განათლების მინისტრის მოადგილემ იბრძოლოს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ, შესაძლოა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სექტემბერში დაგეგმილ რექტორის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. 

“შევიტან თუ არა საბუთებს რექტორობაზე, ჩემი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გარდა ამისა, ვარ განათლების მინისტრის მოადგილე. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. თუ გადაწყვეტილება იქნება, რომ წავიდე უნივერსიტეტში, მაშინ რაღაც გადალაგება უნდა მოხდეს”, – ამბობს გია შარვაშიძე. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. “საკითხი რომ განიხილება, არ უარვყოფთ”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

თსუ-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 9-დან 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. რექტორობის მსურველთა განცხადებებს აკადემიური საბჭო განიხილავს და რექტორობის კანდიდატს 2016 წლის 23 სექტემბერს აირჩევს.

როგორც გიორგი შარვაშიძე ამბობს, მას უნივერსიტეტთან დაკავშირებით “უამრავი გეგმა” აქვს, მათ შორის უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია და კონცეფციის იმპლემენტაციის გეგმა:

“ჩემი კრედო ერთია, რაც ყველა სტუდენტმა კარგად იცის – უნივერსიტეტი სრულად ავტონომიური უნდა იყოს. თუმცა ავტონომია არ ნიშნავს იმას, რომ ავტონომია უნდა გაიჭედოს რექტორის დონეზე. სადაც არის ავტონომია, უნდა იყოს ანგარიშვალდებულება. თუ საზოგადოებრივი თანხები იხარჯება, თუ სახელმწიფო, საზოგადოება, ერთად აფინანსებს უნივერსიტეტს, მას უნდა ჰქონდეს ღია კარი – როგორ იხარჯება საბიუჯეტო სახსრები, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, როგორია საზოგადოების ჩართულობა. ეს არის ის საკითხები, რომლითაც ვაპირებ, რომ, თუ შედგა, რაც უნდა შედგეს, მივიდე უნივერსიტეტში”, – გვეუბნება გიორგი შარვაშიძე.

კითხვაზე, რას ფიქრობს სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ კანონის იმ ნაწილზე, რომელიც, სტუდენტთა ნაწილის თქმით, თვითმმართველობის წევრებსა და სხვა სტუდენტებს არათანაბარ პირობებში აყენებს, იგი გვპასუხობს:

“ჩვენ შევთავაზეთ ღია პლატფორმა სტუდენტებს, სადაც ყველას, მიუხედავად იმისა, თვითმმართველობის წარმომადგენელია თუ სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ისა, ან საერთოდ არა აქვს კავშირი რომელიმე ჯგუფთან და დამოუკიდებელი მოსაზრება აქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, აქვს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს. ღია ფორმატში ვთავაზობთ რამდენივე ვერსიას, რომ განვიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი. ერთ-ერთი მათგანი შეეხება კანონში ცვლილებების შეტანას. ერთი შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც შედის უშუალოდ უნივერსიტეტის კომპეტენციაში, რაც შესაძლებელია დარეგულირდეს უნივერსიტეტის წესდებით შიდასაუნივერსიტეტო სივრცეში”.

გიორგი შარვაშიძის თქმით, მისთვის ყველაზე მთავარი საკითხია სტუდენტური ცხოვრება, სტუდენტური სერვისები და სტუდენტების დაკავშირება დამსაქმებლებთან და ა.შ.

“ჩემი პოზიცია ასეთია: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სტუდენტებმა მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ყველა საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება საუნივერსიტეტო ცხოვრებას – ეს იქნება შეფასებები, იქნება სამომავლო გეგმები და ა.შ. სტუდენტების გარეშე ამის გაკეთება არ ღირს და არც უნდა გაკეთდეს”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას განათლების მინისტრის მოადგილე.

გია შარვაშიძის თქმით, უნდა გაიზარდოს სტუდენტების ჩართულობა და სწავლების ხარისხი. “ყველაზე მთავარი მოთხოვნა, რაც ყველა სტუდენტს აქვს, არის კითხვა, რა კვალიფიკაციას მაძლევს მე უნივერსიტეტი. რა ცოდნას მაძლევს – მხოლოდ თეორიულს, თუ იმ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც გამოვიყენებ დასაქმებაში. ესაა მთავარი ქვაკუთხედი, რაზეც აიგება ჩემი მომავალი ხედვაც, კონცეფციაც და ჩემი ურთიერთობა სტუდენტებთან და პროფესორებთან”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

თსუ-ის წინა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ 2016 წლის 30 მარტს განაცხადა, თუმცა უფლებამოსილება 1 მაისიდან შეუწყდა. ვლადიმირ პაპავას გადადგომას წინ უძღოდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა მისი გადადგომის მოთხოვნით და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქციები. თუმცა, როგორც თავად პაპავა ამბობს, მის გადაწყვეტილებაზე არც ერთი მხარის მოთხოვნებს არ მოუხდენია ზეგავლენა. თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე 2016 წლის 20 აპრილს აირჩიეს. სწორედ მისი ბრძანებით გამოცხადდა თსუ-ში არჩევნები რექტორის თანამდებობის დასაკავებლად  8 აგვისტოს.

გიორგი შარვაშიძეს ვკითხეთ, მისი აზრით, უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მონაწილეობა მიიღოს რექტორობის არჩევნებში. მან ასე გვიპასუხა:

“კანონში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს. სრულიად ლეგიტიმურად შეუძლია დღევანდელ მოვალეობის შემსრულებელს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცაღა, არა მგონია, თვითონ აპირებდეს. თეორიულად, რა თქმა უნდა, შეუძლია”.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ამბობს, სექტემბერში თსუ-ში დაგეგმილი არჩევნები ძალიან მნიშნველოვანია და რაც უფრო მეტი და კარგი კანდიდატი იქნება, უკეთესი იქნება.

1963 წელს დაბადებულმა გია შარვაშიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვს დოქტორის ხარისხი განათლების მართვაში. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის შვედეთის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტში,  UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტში – IIEP (პარიზი, საფრანგეთი) და მსოფლიო ბანკის ინსტიტუტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი).

ის 10 წლის განმავლობაში ასწავლიდა მეექვსე საავტორო სკოლაში. მუშაობდა გაცვლით მასწავლებლად სამხრეთ მილუოქის უმაღლეს სკოლაში (ვისკონსის შტატი, ამერიკის შეერთებულ შტატები). იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამჟამად იმავე უნივერსიტეტში კითხულობს კურსს უმაღლესი განათლების პოლიტიკაში.  9 წლის განმავლობაში იყო აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი (ბუდაპეშტი, უნგრეთი), რომელიც 20-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ხორციელდებოდა. მუშაობდა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსი მთავარ ინსპექტორად, საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად, მინისტრის მოადგილედ, მინისტრის პირველ მოადგილედ, იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

გიორგი შარვაშიძეს გამოცემული აქვს მონოგრაფია კერძო უმაღლეს განათლებაზე საქართველოში, რომელიც დაიბეჭდა პარიზში UNESCO-ს მიერ.  არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არის  ევროკავშირის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE). ასევე, სხვადასხვა დროს იყო ევროპის საბჭოს, UNESCO-ს და ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების ექსპერტი. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი