ახალი ამბები

53- ე სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეზე სასამართლო დავა გრძელდება

22 მარტი, 2012 • 1445
53- ე სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეზე სასამართლო დავა გრძელდება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში  53–ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის სარჩელთან დაკავშირებით ძირითადი სხდომა ექვს საათს მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდა მოსარჩელე, არასრულწლოვანი მიხეილ ალექსიძე. მანამდე გამართულ მოსამზადებელს სხდომებში ალექსიძე მონაწილეობას არ იღებდა. მის ინტერესს  მშობელი და კანონიერი წარმომადგენელი ლალი ლეკიშვილი იცავდა.

დღევანდელი ძირითადი სხდომა ახსნა–განმარტებების მოსმენას, შეკითხვების ეტაპს და  დისციპლინარული კომიტეტის წევრების დაკითხვას ეთმობოდა. დაიკითხა კომიტეტის 3 წევრი.

მოსარჩელე მხარე დირექტორის ბრძანების და დისციპლინარული კომიტეტის მიერ გამოცემული ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს, რის საფუძველზეც ალექსიძე სკოლიდან გარიცხეს.

მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ კომიტეტმა გადაწყვეტილება  საქმის სრულიად შესწავლის გარეშე მიიღო და ვინაიდან საქმე ეხება იმდენად სერიოზულ დისციპლინარულ სახდელს, როგორიცაა სკოლიდან გარიცხვა, კანონის მიხედვით , იგი სრულიად უნდა იქნას შესწავლილი.

საიას იურისტი ლიკა წიკლაური ნეტგაზეტთან საუბრისას აღნიშნავს, რომ  ძალიან დიდი ეჭვი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, შედგა თუ არა კომიტეტის სხდომა, გარდა ამისა, თუ სხდომა შედგა, სერიოზული დარღვევბია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

“მოწმეების დაკითხვის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ საქმის გარემოებები არ გამოუკვლევიათ, ფაქტობრივად, მათ დაადასტურეს,რომ მხოლოდ დირექტორის და მოწმეების ნათქვამს დააეყრდნენ, ზოგადადაც, წინააღმდეგობრივი იყო მათი ჩვენებები. ”

დაკითხვისას ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისინი დასჯერდნენ მიწოდებულ ინფორმაციას და მის ავთენტიკურობაში ეჭვი არ შეპარვიათ, კომიტეტის თავმჯდომარემ  მშობელმა მანანა განუგრავამ ეს იმით ახსნა, რომ 53–ე სკოლაში მუდმივად ჰქონდა დირექტორის და მასწავლებლების მიმართ შეურაცხყოფას ადგილი.

“მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ დაწმუნებული ვიყავი მოპოვებული ინფორმაციის სისწორეში, 10 წელია დავდივარ ამ სკოლაში და მსგავის პრეცენდენტები ხშირია”

წინააღმდეგობრივი იყო კომიტეტის სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით,  კომიტეტის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები. 53– ე სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ ალექსიძის მხრიდან მისი შეურაცხყოფის ფაქტს მისი სამივე მოადგილე ესწრებოდა, თუმცა კომიტეტის ერთ–ერთი წევრი, მოსწავლე  ნინო მორბედაძე აღნიშნავს, რომ მას საქმის ვითარება დირექტორის ერთ–ერთმა მოადგილემ ქალბატონმა ქეთიმ გააცნო, რომელმაც მეორე მოადგილის ქალბატონი შორენას მონაყოლი დეტალურად განუმარტა. ანუ ქალბატონი ქეთი შემთხვევას არ ესწრებოდა.

გარდა ამისა, კომიტეტის 3 დაკითხული წევრიდან  2 აღნიშნავს, რომ წევრები ერთად შეიკრიბნენ დირექტორის ოთახში და მათ დირექტორმა და მოადგილეებმა საქმის ვითარება სრულად გააცნეს, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით,  ის კომიტეტის დანარჩენ წევრებს უშუალოდ სხდომაზე შეხვდა. გარდა ამისა, განუგრავა ამბობს, რომ მან ინფორმაცია მიიღო დირექტორის მოადგილეებისგან და იქ სხვა წევრები არ ყოფილან, ასევე, დამატებით  წყაროებად განუგრავა  სკოლაში მყოფ ადამიანებს იშველიებს.

გარდა ამისა, დავის საკითხს წარმოადგენდა ალექსიძისა და მისი მშობლის ინფორმირებულობის საკითხი კომიტეტის სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით, რისი ვალდებულებაც სკოლას აქვს. კომიტეტის წევრები აღნიშნავენ, რომ მათ უთხრეს, რომ ალექსიძის მშობელი ინფორმირებული იყო,  ზოგმა კონკრეტული პირი დაასახელა, თუ ვისგან, განუგრავამ კი აღნიშნა, არ ახსოვდა, ინფორმირებული იყვნენ თუ არა ალექსიძე და მშობელი, თუმცა, რადგან ველოდებოდით, ესე იგი იყვნენო.

ლიკა წიკლაური აღნიშნავს, რომ  კომიტეტის წევრებს, დირექტორს ჰქონდათ დრო, შეეთანხმებინათ პოზიციები და ეჭვია, რომ ასეც იყო.

“სახალხო დამცველთან საუბრისას, გარიცხვიდან ძალიან მოკლე პერიოდში ბევრი დეტალი არ ახსოვდათ და 5 თვის შემდეგ ბევრი დეტალი გაახსენდათ, მაგალითად, სახალხო დამცველთან საუბრისას არავის არ ახსოვდა ბიულეტინის ფორმები, ვინ დაითვალა ხმები, როგორი ყუთი იყო, დღეს ყველამ გაიხსენა, ზუსტად და დეტალურად”

ასევე გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომ მანდატურები ესწრებოდნენ სკოლის დირექტორსა და მიხეილ ალექსიძის შორის მომხდარ ფაქტს. მოსარჩელე მხარემ დააყენა შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, თუ ვინ იმყოფებოდა იმ პერიოდში სკოლაში მანდატურად. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, თუმცა აღნიშნა, რომ  მოწმეების სრულად დაკითხვის შემდეგ ეს საკითხი შესაძლოა კვლავ დამდგარიყო.

მოსამართლემ ასევე უშუალოდ მოისმინა მიხეილ ალექსიძისგან 13 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელიც თავისი შინაარსით მნიშვნელოვნად განსხვავდება დირექტორის ჩვენებისგან. ალექსიძე ყვება, რომ იგი აღელვებული იყო, თუმცა დირექტორისთვის არც შეურაცხყოფა მიუყენებია და არც დამუქრებია მას, შავშიშვილი კი აღნიშნავს, რომ მას ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. სხდომა საკმაოდ ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა და მოსამართლე ხშირად მოუწოდებდა მხარეებს სიმშვიდისკენ.

მომდევნო სხდომა 29 მარტს გაიმართება,  დასაკითხია კიდევ ორი მოწმე, ამის შედეგ მტკიცებულებების გამოქვეყნების და პაექრობის ეტაპი დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი