ახალი ამბები

სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

10 აგვისტო, 2016 • 2135
სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

“საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორ ჩინურ კომპანიას, რომელიც ხარაგაულის სოფელ ზვარეში გვირაბს აშენებს, მუშები არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს, ხოლო ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო მხარეებს მედიაციას სთავაზობს. ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობა მედიისთვის ხელმიუწვდომელია, ხოლო “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენეციაში არ შედის.

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მშენებარე გვირაბზე დასაქმებული 100-მდე მუშა საუბრობს გაუსაძლის პირობებზე, რომელსაც მათი თქმით, “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი ჩინური კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” უქმნის დასაქმებულებს.

“ნეტგაზეთს” ესაუბრა ერთ-ერთი დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი, რომლის თქმითაც, 12-საათიანი სამუშაო დღე აქვთ, ასევე, ხშირია ხელმძღვანელობის მხრიდან მათი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. გარდა ამისა, დარღვეულია უსაფრთხოების ნორმებიც, მუშებს კომპანია საჭირო უნიფორმებით არ ამარაგებს და ა.შ.

“გვაძლევენ სამედიცინო პირბადეს, მეორეს თუ მოვითხოვთ, გვეუბნებიან, რომ ეს ღირს ფული და ხელფასიდან დაგვიქვითავენ. დენებში ვმუშაობთ, რომ ვეუბნებით, ეს დენები მოაწესრიგეთ, გვიყვირიან – გინდათ, იმუშავეთ, არ გინდათ, წადითო. ვის როდის დაარტყამს დენი, არავინ იცის. აქამდე არ მიგვიმართავს არავისთვის. ჩვენ ვითმენდით ამას, რადგან ეს არის ჩვენი საარსებო წყარო,” – გვიყვება მინდია ოკრიბელაშვილი.

მუშების პროტესტი ორი მათგანის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა. ოკრიბელაშვილის თქმით, ერთ-ერთი გეგმიური აფეთქებისას გვირაბში მტვერი დადგა, რის გამოც მუშებმა გვირაბი მტვრის გაფანტვამდე რამდენიმე წუთით დატოვეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს მინდია ოკრიბელაშვილი მისი და კიდევ ერთი მუშის სამსახურიდან გათავისუფლებას, რასაც ობიექტზე დასაქმებული სხვა მუშების პროტესტი მოჰყვა და სოლიდარობის ნიშნად მუშებმა გვირაბში დაბრუნებასა და სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადეს.

“მუშაობა ახლაც შეწყვეტილია, 21 დღის განმავლობაში მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს, მაგრამ ჩვენ რომ შევიდეთ სამუშაოდ, სათითაოდ გაგვათავისუფლებენ ყველას სამსახურიდან. იყო ასეთი შემთხვევები,” – ამბობს გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული. ოკრიბელაშვილის თქმით, პროტესტი გაგრძელდება, თუმცა, რა ფორმებით, ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი.

“ნეტგაზეთმა” “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან” დაკავშირება სცადა. კომპანია არ გააჩნია ვებ-გვერდი, არ არის განთავსებული საჯარო რეესტრში მითითებულ იურიდიულ მისამართზე, საბოლოოდ მოვახერხეთ მერაბ არევაძესთან დაკავშირება, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობს. მან გვითხრა, რომ ეს საკითხი მას არ ეხება და ვერავისთან დაგვაკავშირებდა კომპანიის მენეჯმენტში, გვირჩია ზვარეში, ადგილზე ჩასვლა და იქ გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან. ასევე, გადაგვამისამართა “საქართველოს რკინიგზასთან”.

“რკინიგზაში” გვითხრეს, რომ კითხვებით კომპანიას უნდა მივმართოთ, რადგან კონტრაქტორ კომპანიასა და მასში დასაქმებულ პირებს შორის შრომითი ურთიერთობების დარეგულირება საქართველოს რკინიგზის კომპეტენცია არაა.

მუშები მოინახულა “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ. გიორგაძის თქმით, დარღვეულია დასაქმებულების შრომითი უფლებები, რის შესახებაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიმართეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ მხარეებს მოლაპარაკებებისათვის მედიატორის სერვისით სარგებლობა შესთავაზა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებს გაუძღვება, ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა – მხარეებს უკვე შეხვდა და მათი მოთხოვნები მოისმინა:

“მოთხოვნები, სამწუხაროდ, გადაგზავნილი არ იყო დამსაქმებელთან და გადავუგზავნეთ. მოგეხსენებათ, რომ ენის პრობლემაა და თარგმანი სჭირდებათ განცხადების. დამსაქმებელი ამ განცხადებას გადათარგმნის, შეისწავლის და დაგვეკონტაქტება. მოთხოვნები მდგომარეობს შემდეგში, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება, დამატებით 10 კალენდარული დღე შვებულებისთვის, შრომის პირობების გაუმჯობესება და ა.შ”- ამბობს ჟორჟოლიანი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ჩინურმა კომპანიამ უნდა შეისწავლოს მუშების განცხადება, რის შემდეგაც მოდერატორი მათაც შეხვდება.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა “ნეტგაზეთს” განუმარტა, მუშები მედიაციის დაწყებიდან 21-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მოიპოვებენ კანონიერი გაფიცვის უფლებას. მანამდე კი, იმედი აქვს, რომ დასაქმებულები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.

მუშებმა საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართეს. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე  დასაქმებულებს შეხვდნენ და არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს საკითხის შესწავლისა და ზომების მიღებისკენ მოუწოდა:

“ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, სამუშაოს შესრულებისას დაზიანებული და დაღუპული პირების მაღალი რაოდენობა ცხადყოფს, რომ აუცილებელია შეიქმნას ქმედითი მექანიზმი შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სათანადო პირობების დაცვის მიზნით. სახალხო დამცველმა 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა დონეზე ბევრჯერ ისაუბრა შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა” – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი