კადრი რუსუდან გლურჯიძის ფილმიდან სხვისი სახლი

“ოსკარის” დაჯილდოებაზე საქართველო რუსუდან გლურჯიძის “სხვის სახლს” წარადგენს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის ეროვნული კინოაკადემიის 2017 წლის დაჯილდოებაზე წარსადგენი ფილმი შეირჩა.  წელს “ოსკარის” დაჯილდოებაზე საქართველოდან რუსუდან გლურჯიძის ფილმი, “სხვისი სახლი” წარდგება.

როგორც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, დაჯილდოებაზე ფილმის წარდგენა ყველა ქვეყანას შეუძლია. ამისათვის პირველ რიგში ხდება შიდა სელექცია, რომელში გამარჯვებული ფილმიც უკვე ამერიკის კინოაკადემიას ეგზავნება:

“[ამის შემდეგ] პირველი ნაბიჯი იქნება, რომ [ამერიკის კინოაკადემიის მიერ] 9 ფილმი დასახელდება იმ ფილმებიდან, რაც არის წარდგენილი [ყველა ქვეყნიდან].  მეც ვაძლევ ხმას, როგორც ამერიკის აკადემიის წევრი, და შემდეგ უკვე ამ 9 ფილმიდან შეიძლება ფილმმა მიიღოს ნომინაცია, რაც სერიოზული ამბავია,” – ამბობს ურუშაძე. 

ფილმის სიუჟეტი 1990-იანი წლების საქართველოში ვითარდება. მთავარი გმირები კონფლიქტის შედეგად დაცარიელებულ სოფელში ჩადიან, სადაც სხვის სახლში უწევთ ცხოვრება. რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” სწორედ იმ განცდებსა და ემოციებს ასახავს, რასაც ეს ადამიანები კონფლიქტურ რეგიონში, “სხვის სახლში” ცხოვრებისას განიცდიან.

საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ფილმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს პრობლემები დღესაც აქტუალურია. გარდა ამისა, დავით ვაშაძის შეფასებით, ფილმი  პოეტურ განწყობებზეა ორიენტირებული და რეჟისორის მთავარი მიზანი მაყურებლისთვის მსგავსი კონფლიქტის შედეგების ჩვენება იყო.

რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე

რამდენიმე კვირს წინ რუსუდან გლურჯიძის “სხვისმა სახლმა” ერთ-ერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე საკონკურსო კატეგორიაში პრიზის მოპოვება შეძლო. ფილმს კარლოვი ვარის ფესტივალის საკონკურსო პროგრამის “East of the West” პრიზი “ბროლის გლობუსი” გადაეცა. კინოფესტივალი ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან იმართება და კინოკრიტიკოსების შეფასებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი კინოფესტივალია. დაჯილდოების ცერემონია 9 ივლისს კარლოვი ვარში გაიმართა, რომელსაც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი დაესწრო.

როგორც ზაზა ურუშაძემ დღეს განაცხადა, “ოსკარზე” გასაგზავნი ფილმის შერჩევისას ერთი კრიტერიუმით ხელმძღვანელობდნენ, თუ რამდენად ღირსეულად წარადგენს ფილმი ქვეყანას ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე:

“ოსკარის დაჯილდოება ფესტივალი არაა. ეს არის წლის საუკეთესო ნამუშევრის არჩევა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უკვე გახმაურებული იყოს ფილმი და ფესტივალების ჯილდოები ჰქონდეს აღებული და ა.შ. კრიტერიუმები არ არსებობს, არსებობს სინტრესო ფილმი და ის ღირსეულად უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის კინემატოგრაფს . კრიტერიუმი არის მხოლოდ ერთი – კარგი ფილმი, საინტერესო ფილმი,” – ამბობს ურუშაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, 9 ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ საქართველოდან ოსკარის დაჯილდოვებაზე წარსადგენი ფილმი შეარჩია 09.08.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, 9 ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ საქართველოდან ოსკარის დაჯილდოვებაზე წარსადგენი ფილმი შეარჩია 09.08.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ზაზა ურუშაძის გარდა, ჟიურის კიდევ 8 წევრი ჰყავდა. როგორც კინოცენტრის წარმომადგენელმა, დავით ვაშაძემ განაცხადა, ჟიურის წევრების შერჩევისას კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა. კერძოდ, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ კინემატოგრაფიის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ადამიანები. გარდა ამისა, კინოცენტრი შეეცადა ჟიური ისეთი ადამიანებითაც დაეკომპლექტებინა, რომლებსაც უკვე ჰქონდათ “ოსკარის” კამპანიის დაგეგმვის გამოცდილება. სწორედ ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” მოხვდა “ოსკარის” 2015 წლის დაჯილდოების ნომინანტ ფილმებს შორის.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:

1. ზაზა ურუშაძე – რეჟისორი
2. მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი
3. გიორგი ოვაშვილი – რეჟისორი
4. ოთარ შამათავა – რეჟისორი
5. კახა კანდელაკი – კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
6. გოგა პიპინაშვილი – მსახიობი
7. კოტე ჯანდიერი – მწერალი, დრამატურგი
8. ლელა ოჩიაური – კინომცოდნე
9. ნინო მხეიძე – კინომცოდნე

რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი”  ოთხი ფილმიდან შეირჩა. “ოსკარზე” წარსადგენად შესარჩევ ფილმებს შორის იყო ნინო ბასილიას „ანას ცხოვრება“, თეონა და ტიერ გრენადეების „ძმა“, რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“ და ვანო ბურდულის „გაყინული შადრევნების წელიწადი“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი