ახალი ამბები

მარგველაშვილი ქორწინების შესახებ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს აღარ შეხვდება

9 აგვისტო, 2016 • 1720
მარგველაშვილი ქორწინების შესახებ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს აღარ შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტისა და ქორწინების შესახებ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წევრების, სანდრო ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შეხვედრა ჩაიშალა. შეხვედრა დღეს, 9 აგვისტოს, 17:00 საათზე უნდა გამართულიყო.

ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა  ანა დოლიძემ განაცხადა:

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ეს დათქმული შეხვედრა აღარ შედგება,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

ცესკომ 30 ივლისს განაცხადა, რომ საინიციატივი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალები აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რეფერენდუმის მოწყობის შესახებ მოთხოვნა პრეზიდენტს გადაუგზავნეს. გიორგი მარგველაშვილმა დოკუმენტების მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს, დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს.

სარეფერენდუმო წონადადება შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“. ეს წინადადება რეგისტრაციაში ცესკომ 12 ივნისს გაატარა. საინიციატივო ჯგუფმა ორასი ათასზე მეტი ხელმოწერის მოგროვება შეძლო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი