ახალი ამბები

საიამ შესაძლოა სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს აგიტაციაში მონაწილეობის გამო

9 აგვისტო, 2016 • 2202
საიამ შესაძლოა სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს აგიტაციაში მონაწილეობის გამო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში (ISFED) მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ახალი ვიდეომიმართვა შეიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობის ნიშნებს წინასაარჩევნო აგიტაციაში.

დღეს, 9 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აჭარის მოსახლეობას მიმართავს: “ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს წინ და თითოეული თქვენგანი ნახავს ამ პროექტის სარგებელს და ხეირს. ამისთვის არის იქ [აჭარაში] ლევანი [ვარშალამიძე] და ამისთვის ვიქნები მანდ მე, თქვენთან ერთად”, – ამბობს ვიდეოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ISFED-ის თავმჯდომარე, მიხეილ ბენიძე, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილის მიმართვა შეიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობის ნიშნებს წინასაარჩევნო აგიტაციის იმ ნაწილში, როდესაც საუბარია კონკრეტული პარტიის აქტივობაზე, მხარდაჭერასა და საარჩევნო პროგრამაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე,  რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა და უკრაინის ხელისუფლებას აძლევდა რჩევებს, 3 ივლისიდან საქართველოში დაბრუნდა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. დღეს, 9 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სწორედ მას უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინის  მოქალაქეა, აქამდეც მიიღო მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში: 31 ივლისს ქ. ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს ის ვიდეო მიმართვის მეშვეობით  ჩაერთო ღონისძიებაში.

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტს გამოეხმაურა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. მათ წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით 1 აგვისტოს განცხადებით მიმართეს საარჩევნო ადმინისტრაციას. საიამ სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტის შესწავლა და დამრღვევი პირის მიმართ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მოითხოვა, რაც პასუხისმგებლობის სახით 2000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

როგორ ISFED-ის ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, ამ ფაქტთან დაკავშირებით ISFED-მა კი მიმართა ცესკოს, შემდეგ კი მიმართვა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეგზავნა.

როგორც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, იმდენად, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, მისი დაჯარიმება ვერ მოხერხდება.

“ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ინტერპრეტაციაა კანონის, როდესაც სახეზე გვაქვს კონკრეტული დარღვევა აგიტაციის წესების. ჩვენ ასევე მივმართეთ არა მხოლოდ ამ ფაქტზე ცესკოს, არამედ მივმართეთ ახალქალაქსა და მარნეულში მომხდარ იმავე სახის ფაქტებზე და ამ შემთხვევებში საჩივრები გადაგზავნილია შესაბამის საოლქო კომისიებში. ვნახოთ, თუ რაიმე განსხვავებული იქნება ამ შემთხვევებში”, – ამბობს მიხეილ ბენიძე.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტების კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი გვეუბნება, თუკი ახალქალაქსა და მარნეულში მომხდარ იმავე სახის ფაქტებზე საოლქო კომისიებს ისეთივე პასუხი ექნებათ, როგორც ბათუმის შემთხვევაში, მაშინ საია სასამართლოს მიმართავს.

ირმა პავლიაშვილი იხსენებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებას 2013 წელს მიღებული დადგენილებით, რომლის თანახმადაც, „წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა არ გულისხმობს მხოლოდ […] აქტიურ მოქმედებას, არამედ კანონმდებელი მასში ასევე მოიაზრებს ნებისმიერ საჯარო მოქმედებასაც. […] გამოხატულს მონაწილე პირის მხრიდან როგორც აქტიური (მოწოდება საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მხარდასაჭერად ამ საწინააღმდეგოდ), ისე კონკლუდენტური მოქმედებით – მით უმეტეს, ისეთი პირის მიერ, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და რომლისკენაც მისი თანამდებობრივი თუ სხვაგვარი სტატუსის გათვალისწინებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.“

აღნიშნულიდან გამომდინარე, ირმა პავლიაშვილი გვეუბნება, რომ სასამართლო კანონით გათვალისწინებულ ნორმატიულ შინაარსზე კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს წინასაარჩევნო აგიტაციის ცნების განსაზღვრისას და აგიტაციის განმახორციელებლის თანამდებობრივ თუ სხვაგვარ სტატუსსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობასაც უსვამს ხაზს, რაც, ირმა პავლიაშვილის თქმით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი