ახალი ამბები

გიორგი მაისურაძე: ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს რუსეთზე

8 აგვისტო, 2016 • 2271
გიორგი მაისურაძე: ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს რუსეთზე

რამდენად იცნობენ რუსეთს საქართველოში, რამდენად ძლიერია პრორუსული ნარატივი და როგორ გამოვლინდება ის? ამ საკითხებზე  “ნეტგაზეთი” ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს ესაუბრა: 

ორ რამეს გავუსვამდი ხაზს. ერთი, მგონია, რომ რუსული ნარატივის წარმოჩენა და მეგობრობის აღდგენა, არ მუშაობს, ეს არ არის ხალხებს შორის კონფლიქტი, ეს არის სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი. რამდენადაც რუსეთი არ არის დემოკრატიული სახელმწიფო, იმდენად ხალხის განწყობისა და ნების შეცვლას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მეორე საკითხია, ჩვენ რამდენად ვერკვევით იმაში, რა არის რუსეთი. აქ ვხედავ ძირეულ პრობლემებს იმიტომ, რომ წარმოდგენა ძალიან ბუნდოვანი გვაქვს რუსეთზე. ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს იმ პოლიტიკურ იდეებზე, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ახალი პოლიტიკური კურსი რუსეთში. მხედველობაში მაქვს იგივე ევრაზიული თეორია. ქვეყანაზე, რომელიც იმყოფება “ცივი ომის” პირობებში და დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, და რომლისგანაც მუდმივად მოდის ძალიან სერიოზული საფრთხე, ვალდებულიც კი ვართ, ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე.

არ ვიცით, რა პოლიტიკური იდეები აქვს რუსეთს, არ ვიცით, რა პოლიტიკური სისტემა არის რუსეთში. თითქოს არც არავის აინტერესებს. ეს ძალიან დიდი შეცდომა მგონია. ეს აკადემიურ სფეროსაც ეხება. აკადემიურ სფეროშიც უნდა ხდებოდეს ამისი შესწავლა. რუსეთი უახლოესი მეზობელია, ორსაუკუნოვანი ძალიან მჭიდრო ურთიერთობით, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს ქართულ კულტურაზე, ქართულ საზოგადოებაზე, ცნობიერებაზე, მენტალობაზე, ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ ვისთან გვაქვს საქმე.

პოლიტიკურ თეორიებში, რომელსაც რუსეთი ავითარებს, არის უმნიშვნელოვანესი ქართული პოლიტიკისთვის და მაშინაც, როდესაც გვინდა გავიგოთ, რა იწვევს რუსეთის ნოსტალგიის გაძლიერებას.

ძალიან  მნიშვნელოვანია, საქართველოში მიმდინარე პროცესების გააზრებაც. მაგალითად, თუ რატომ  იზიდავს დღესაც რუსეთი, თუნდაც იმ თაობასაც, რომელსაც არ ჰქონია შეხება რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან. ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია, ცოტა სხვანაირად შევხედოთ ამ თემას და გავერკვეთ იმაში, რასთან გვაქვს საქმე და რა ხდება ჩვენს თავს.

დაინტერესება ვინ უნდა გამოიჩინოს, ხელისუფლებამ? აკადემიური სფერო ახსენეთ.

აკადემიური სფეროც, სახელმწიფო უნივერსიტეტები და მეცნიერებათა აკადემია სახელმწიფო სტრუქტურაა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა ჰქონდეს თავისი პროგრამა და თვითონ უნივერსიტეტებმა გამოიმუშაონ თავიანთი კვლევითი და სასწავლო პროგრამები.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ისინი უნდა იყოს არა ისეთი ნახევრად ზღაპრული და მითოლოგიური, როგორსაც ქმნიდნენ სააკაშვილის დაკვეთით, იხარჯებოდა ათასობით ლარი წმინდა წყლის პროპაგანდაში. პროპაგანდა უნდა შეიცვალოს აკადემიური დამოკიდებულებით, თუ გვინდა მართლა გავიგოთ, რა ხდება ჩვენს თავს და იმ საფრთხესთან დაკაშირებით, რასაც რუსეთის სახელმწიფო დღეს წარმოადგენს.

აქ აგიტაცია-პროპაგანდას არანაირი როლის თამაში არ შეუძლია. ისტორიის ფალსიფიკაციას არავისთვის დადებითი შედეგი არ მოუტანია.

ამ პროცესში რამდენადაა საჭირო რუსეთის აკადემიურ წრეებთან ურთიერთობა?

ამის გარეშეც შესაძლებელია. ურთიერთობების ქონა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი ნაწილი რუსეთის აკადემიური პერსონალისა არიან კრიტიკულად განწყობილი რუსეთის პოლიტიკური კურსის მიმართ, ჩვენ ესეც არ ვიცით. არის მეცნიერების ნაწილი, რომლებიც კურსზე მუშაობენ და ავითარებენ რუსეთის ახალ იმპერიულ იდეას, რომელსაც ევრაზიული თეორია ეწოდება.

საქართველოში, იმავე აკადემიურ სფეროებში, პოლიტიკურზე აღარ ვსაუბრობ, წარმოდგენა არ აქვთ, საით მიდის რუსეთი და რა იდეოლოგიას ქმნის და აფუძნებს.

დღევანდელი ხელისუფლება თუ ქმნის ასეთ პროპაგანდას?

დღევანდელ ხელისუფლებას საერთოდ, მგონი, არანაირი იდეოლოგიური საფუძველი არ აქვს. გამოკვეთილად პოლიტიკურ ორიენტაციაზე, იდეოლოგიაზე ვერც ვილაპარაკებ. არის პრორუსული ნაწილები, რაც მიბმულია მართლმადიდებლობასთან.

რა დგას ამის უკან? ჩვენ არ გვყოფნის კომპეტენციები იმისთვის, რომ აკადემიური პასუხი მოვძებნოთ.

აკადემიურობა გულისხმობს ფაქტებზე და მეცნიერულ ანალიზზე დაფუძნებულ პასუხებს. ჩვენ არ ვიცით, რა არის ეს, რომელ ერთმორწმუნეობაზე ვსაუბრობთ? გვაქვს ბოლო 25 წლის განმავლიბაში დატრიალებული ლოზუნგები, სრულიად მითოლოგიური წარმოდგენები რუსეთზე.

2012 წლის შემდეგ გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც საუბრობენ რუსეთთან დაახლოებაზე…

რუსეთს უზარზმაზარი აგენტურა ჰყავს საქართველოში. ოჯახის განსაზღვრებაზე რეფერენდუმის ჩატარების უკან დგას გარკვეული იდეოლოგიური დოქტრინა. ეს იდელოგიური დოქტრინა არის რუსეთის იმპერიალისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატი. რუსეთმა თავისი ახალი მესიანიზმი ააგო იმაზე, რომ უპირისპირდება დასავლეთს, როგორც გარყვნილების ბუდეს. ტრადიციების დაცვა არის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი რუსეთის იმპერიალისტური იდეოლოგიის.

შესაბამისად, ვინც ამას მხარს უჭერს, ავტომატურად ჯდება რუსულ იმპერიალისტურ ნარატივში. საუბარს, რომ პუტინი ჩემი მტერია და არ მომწონს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შენ ხარ იმ იდეოლოგიის გამტარებელი, რომლითაც ხელმძღვანელობს პუტინი და პუტინის რუსეთი.

ქართული ოცნებაც ამ რუსული იმპერილისტური იდეოლოგიის მატარებლია, რამდენადაც ის ქორწინების საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობს?

იდეოლოგიურ დონეზე ავტომატურად ჯდება,

საინტერესოა, რა იწვევს იმ წინააღმდეგობრიობას, რომ ერთი მხრივ, გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, ხოლო, მეორე მხრივ, მხარს უჭერენ ქორწინების შესახებ ცვლილებას?

ძირითადად ეს არის მცდარი პოპულიზმი, რადგან საქართველოს მოსახლეობას სულ არ ანაღვლებს ეს თემა. პოლიტიკურ პარტიათა დიდ ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს, როგორ მოაგვაროს ყველაზე მწვავე პრობლემები საქართველოში: ეკონომიკა, სოციალური პრობლემები, მათ კი გადააქვთ ისევ არარსებულ თემებზე ყურადღება, რადგან დაასკვნეს, რომ საქართველოს მოსახლეობას მეტი სადარდებელი არ აქვს, გარდა იმისა, თუ როგორ განისაზღვრება ოჯახი და ამ პოპულიზმს არის აყოლილი პარტიათა დიდი ნაწილი, მათ შორის მმართველი პარტია. თავისთვაად ამ პოპულიზმს რომ აყვები და შეიძლება ხვდებოდე ან ვერ ხვდებოდე, ხდები იმ იდეოლოგიური ნარატივის ნაწილი, რომელიც არის რუსული იმპერიალიზმის მთავარი ინსტრუმენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი