ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხადიჯა ისმაილოვას პირობითი სასჯელი შეუმცირეს

8 აგვისტო, 2016 • 1330
ხადიჯა ისმაილოვას პირობითი სასჯელი შეუმცირეს

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას სარჩელი განიხილა ქვეყნის დატოვების უფლებასთან დაკავშირებით და პირობითი სასჯელი 3,5 -დან 2,3 წლამდე შეუმცირა.

2016 წლის 28 ივნისს ბაქოს რაიონულმა სასამართლომ ისმაილოვას აზერბაიჯანის დატოვება დროებით აუკრძალა.

2016 წლის 26 მაისს ხადიჯა ისმაილოვას სასამართლომ პატიმრობა 3.5-წლიანი პირობითი სასჯელით შეუცვალა. ჟურნალისტი იმავე დღეს გაათავისუფლეს ციხიდან.

2016 წლის 17 აგვისტოს სასამართლო ბაქოს პროკურატურის წინააღმდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას სარჩელსაც განიხილავს. ისმაილოვა პროკურატურას მისი კოლეგის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავების შუამდგომლობის დაყენებას ედავება. შესაბამისად, ჟურნალისტი უწყებისგან კომპენსაციის სახით 18 ათას აშშ დოლარს ითხოვს. ისმაილოვა 2014 წლის 5 დეკემბრიდან 2015 წლის 6 მარტამდე მისი კოლეგის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით პროკურატურის შუამდგომლობით დაკავებული იყო. ხადიჯა ისმაილოვა აღნიშნული მუხლში გაამართლეს, თუმცა მოგვიანებით მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს. ისმაილოვა მიიჩნევს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში უკანონოდ იყო დაპატიმრებული.

ხადიჯა ისმაილოვა 2014 წელს კოლეგის, თურალ მუსტაფაევის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას უკანონო მეწარმეობის, ფულის მითვისებისა და სხვა ეკონომიკური ბრალდებები წარუდგინეს. 2015 წლის 1 სექტემბერს ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისმაილოვას დაცვის ინიციატივით ადვოკატი ამალ კლუნიც გამოვიდა და თქვა, რომ ხადიჯა ისმაილოვას უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბოლომდე დაიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი