ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე განმარტავს, რატომ ვერ ადგენენ ოქმს სააკაშვილის აგიტაციაში მონაწილეობაზე

8 აგვისტო, 2016 • 1487
ცესკოს თავმჯდომარე განმარტავს, რატომ ვერ ადგენენ ოქმს სააკაშვილის აგიტაციაში მონაწილეობაზე

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია განმარტავს, თუ რატომ ვერ ადგენს ცესკო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გამო საარჩევნო აგიტაციაში.

საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, აგრეთვე, ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები). საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებს  წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო  მონაწილეობა ეკრძალებათ.

“აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია ხსენებულ პირებზე, თუ ისინი არ იმყოფებიან საქართველოში”, – აცხადებს ჟვანია.

საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვებით ერთვება ენმ-ის საარჩევნო კანდიდატების წარდგენის დროს. ერთ ასეთ შემთხვევაში, რომელსაც მარნეულში ჰქონდა ადგილი, სამართლიანმა არჩევნებმა ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე. ხოლო მეორე შემთხვევაში, რასაც ბათუმში ჰქონდა ადგილი – საიამ. 

“მსგავსი ფაქტების პრევენციისა და საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს შესაძლებლობა, რომ  საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს იმ პირთა ქმედება, რომლებიც საჯაროდ მოახდენენ ან/და ორგანიზებას გაუწევენ  ისეთი პირების საარჩევნო სააგიტაციო მიმართვების საჯარო დემონსტრირებას, რომელთაც კანონმდებლობით ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.

შესაბამისად, მინდა მივმართო საარჩევნო სუბიექტებს, შესაბამისი თანამდებობის პირებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და ხელი შეუწყონ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების სრულფასოვან განხორციელებას“, – აცხადებს თამარ ჟვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი