რა ღირს საქართველოს კურორტებზე დასვენება

ტემპერატურის მატებასთან ერთად საქართველოს კურორტებზე დამსვენებელთა რაოდენობა იზრდება. Booking.com-ის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს თითქმის ყველა საკურორტო ქალაქში სასტუმროების უმეტესობა თითქმის სრულად დაჯავშნილია.

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რა ღირს საქართველოში მდებარე პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში ერთი დღის გატარება და სასტუმროს მფლობელებსა და ტურისტულ კომპანიებს დაუკავშირდა.

ტურისტულ კომპანია “კალიფსოში” გვითხრეს, რომ ოჯახები, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ, მეტწილად სამთო კურორტებით გამოთქვამენ დაინტერესებას. ფასები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რამდენვარსკვლავიანია სასტუმრო და სად მდებარეობს. კომპანია “კალიფსოში” გვითხრეს, რომ ბორჯომში მათი სერვისით დასვენების ფასი 60 დოლარიდან იწყება. ფასში შედის სასტუმროს ორადგილიან ნომერში განთავსება და სამჯერადი კვება. როგორც “ნეტგაზეთს” ტურისტულ სააგენტოში განუცხადეს, ხეობაში ცოტა ხნის წინ მომხდარი სტიქია დამსვენებელთა რაოდენობაზე ნეგატიურად არ ასახულა.

ფასები თვეების მიხედვით ცვალებადია სასტუმრო “სანსეთ შოვში“, სადაც დამსვენების მსურველებს ორადგილიან სტანდატრულ ნომერში აგვისტოს გასატარებლად 100 დოლარის გადახდა მოუწევთ (ფასში შედის სამჯერადი კვება).

70 ლარიდან იწყება სასტუმროების ფასი მესტიაში, თუმცა, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი სააბაზანოთი სარგებლობა, მაშინ მინიმალური გადასახადი ერთი ორადგილიანი ნომრისთვის 90 ლარს შეადგენსს (ფასი არ მოიცავს კვებას).

ბორჯომის ხეობა ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ბორჯომის ხეობა ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

რაც შეეხება, ზღვისპირა კურორტებს, ბათუმში სასტუმროში ორადგილიანი ნომრის დაქირავების ღირებულება, სადაც დამსვენებელი საკუთარი სააბაზანოთი და საუზმით იქნება უზრუნველყოფილი, 120 ლარიდან იწყება. იმავე სერვისებით სარგებლობისთვის ქობულეთში მინიმუმ 80 ლარის გადახდაა საჭირო.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დასვენებას ოჯახთან ერთად გადაწყვეტთ და ისეთ სასტუმროს ეძებთ, სადაც სააბაზანოთი, საუზმით და კონდიციონერით იქნებით უზრუნველყოფილი, ასეთ შემთხევაში ერთი ღამის გასატარებლად  ბათუმში მინიმუმ 140 ლარი დაგჭირდებათ, ქობულეთში კი- 100 ლარი.

ფასები სასტუმროს ადგილმდებარეობისა და სერვისების მიხედვით იზრდება.

Booking.com-ის მონაცემებით, შედარებით იაფი დასვენება საოჯახო ტიპის სასტუმროებშია ხელმისაწვდომი. თუ საკურორტო ქალაქში საოჯახო ტიპის სასტუმროში ერთი ოთახის დაქირავებას გადაწყვეტთ, ორი ადამიანისთვის ზღვისპირა კურორტებში ღამის გატარების მინიმალური ფასი 30-40 ლარია. ღირებულება მხოლოდ ოთახის ქირის საფასურს მოიცავს და სააბაზანოს სხვა ოთახთან გაზიარება მოგიწევთ. მსგავსი ტიპის დაწესებულებაში ერთი ღამის გატარების მინიმალური ფასი 30 ლარია მესტიაშიც.

ადგილობრივებისგან ოთახის დაქირავებას სასტუმროს ამჯობინებს ნინა აბდუშელიშვილი. როგორც ამბობს, დასვენებას ყოველ ზაფხულს ახერხებს და შვებულების გატარებას ზღვისპირა კურორტებზე ამჯობინებს. ნინას თქმით, კვარიათში ოთახის დაქირავება ღამეში დაახლოებით 15 ლარი უჯდება, რაც სასტუმროსთან შედარებით გაცილებით იაფია.

დამსვენებელთა დიდი რაოდენობაა ანაკლიაშიც. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ანაკლიას მხოლოდ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, “ჯემ ფესტის” ფარგლებში, რომელიც 9 აგვისტოს იხსნება, 40 000-მდე სტუმარი ეწვევა. როგორც სასტუმრო “ანაკლიაში” გვითხრეს, სტუმრების რაოდენობა მთელი სეზონის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო და ზაფხულის ბოლომდე დამსვენებელთა კლებას არ ვარაუდობენ. ანაკლიაში მდებარე სასტუმრო “ოქროს საწმისში” კი “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “ჯემ ფესტი” ანაკლიაში დასვენების მსურველთა რაოდენობაზე პოზიტიურად აისახა. როგორც სასტუმროში განაცხადეს, 9 აგვისტოდან სასტუმროს 105-ივე ნომერი დაჯავშნილია და ასეთი მაღალ დაინტერესებას სწორედ ფესტივალს უკავშირებენ, რომელიც 14 აგვისტოს დასრულდება.
ლაშა კუპრაშვილი თანამედროვე ბათუმი ტანამედროვე არქიტექტურით

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს კი სხვადასხვა კომპანია დაივინგ და რაფტინგ ტურებს სთავაზობს. როგორც სათავგადასავლო კლუბ “ჯომარდის” დირექტორმა, მამუკა ბურდულმა “ნეტგაზეთს” უთხრა, დაშვება ყველა ლოკაციაზეა შესაძლებელი, რომელსაც დამკვეთი აირჩევს და საშუალო ფასი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირების გარეშე დაახლოებით 40 ლარია. ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ამ ფასის ფარგლებში საშუალება აქვთ ორგანიზატორების აღჭურვილობით ისარგებლონ, რაშიც რაფტინგისთვის საჭირო ფეხსაცმელი, ჟილეტი და სხვა აქსესუარები შედის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.