ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

08.08.08 -ს ცხინვალსა და სოხუმშიც აღნიშნავენ

8 აგვისტო, 2016 • 1644
08.08.08 -ს ცხინვალსა და სოხუმშიც აღნიშნავენ

2008 წლის აგვისტოს ომის 8 წლისთავი ცხინვალსა და სოხუმში სხვადასხვა ღონისძიებითა და სამგლოვიარო ცერემონიით აღინიშნება.

სამგლოვიარო აქცია “ხსოვნა ცოცხალია, სანამ ცოცხლებს ახსოვს” სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის შენობასთან გაიმართა. მასში მონაწილეობა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა, ექსპრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ და სხვა მაღალჩინოსნებმა მიიღეს, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან.

img_7022

img_6908

“სამხრეთ ოსეთს არაერთი განსაცდელი გამოუვლია, მაგრამ ყველაზე საზარელი და საშინელი 2008 წლის აგვისტოს დღეები იყო, როდესაც მძინარე ცხინვალს ათასობით ჭურვი დაეცა, რამაც ბევრი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა”, – განაცხადა თიბილოვმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციას, რომელიც “რესპუბლიკისთვის ყველაზე მძიმე დღეებში დასახმარებლად მოვიდა და აგრესორისგან დაიცვა”.

2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე ტელეხიდი ეწყობა დღეს სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპულიკის ცნობით, 2008 წლის აგვისტოში ქართული არმიის თავდასხმის შედეგად 1,5 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა, თუმცა რუსეთის ფედერაციის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა 162 მშვიდობიანი მოქალაქისა და 67 რუსი სამხედროს დაღუპვა დაადასტურა.

წელს 8 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით შევიდა. ის ხუთი დღე, 8 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს, 7 აგვისტოს გავრცელდა, წერია, რომ რუსეთი აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით.

მასალების გადაბეჭდვის წესი